მთვარე მერწყულში

    0
    32814

    მთვარე ჩვენი მოთხოვნილებებია, ჩვევები, რეაქციები და ინსტინქტები. იგი გვიჩვენებს თუ როგორ გამოვხატავთ და როგორ ვუმკლავდებით ემოციებს. იგი ჩვენს შინაგან საჭიროებებს ამხელს. ბევრი ასტროლოგი ფიქრობს რომ მთვარე ჩვენში არსებული ქალური ნაწილია. იგი არის დედა და იგი არის ჩვენი ბავშვობა. მთვარე მამაკაცის რუკაზე ახასიათებს მასში არსებულ ქალურ საწყისს, რომელიც გამოძახილს ჰპოვებს მის მეუღლეში, მისი შვილების დედაში, ქალების რუკაზე  კი იგი განსაკუთრებით ძლიერია, შეიძლება ითქვას, რომ მზეზეც ძლიერი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქალი დედა ხდება.

    თქვენ ძალიან ორიგინალური და შეიძლება ითქვას საკმაოდ უცნაური ადამიანიც კი ბრძანდებით. თითქოს ძალიან გახსნილი და სოციალური ხართ, მაგრამ სულიერი სიახლოვე გაშინებთ. ემოციური კავშირის დამყარება თქვენთან თქვენს უახლოეს ადამიანებსაც კი უჭირთ. გაქვთ მრავალმხრივი ინტერესები და ხართ საოცრად ცნობისმოყვარე. ცდილობთ გაანალიზოთ რატომ იქცევიან ადამიანები ამგვარად და არა სხვაგვარად.

    შესაძლოა არასტანდარტულ გარემოში გაიზარდეთ, ან რაღაცნაირად არასტანდარტული მშობლები (განსაკუთრებთ დედა) გყავდათ.. ვინ იცის?!  მთავარია, რომ ბავშვობიდანვე რაღაცნაირად განსხვავებულად, მასისგან გამორჩეულ ინდივიდად აღიქვამთ თავს. ადრეულ ასაკში ამას შეიძლება კიდევაც განიცდიდეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ძლიერი თავდაცვითი მექანიზმების წყალობით მაქსიმალურად ცდილობთ უნიკალური და რაც შეიძლება არასტანდარტული იყოთ. არ ჰგავდეთ არავის – აი, თქვენი მთვარის ძირითადი დრაივი.

    თუკი შედარებით მშვიდ ნიშანში გაქვთ მზე, ან ასცედენტი შეიძლება არც ცდილობდეთ პუბლიკის შოკში ჩაგდებას, მაგრამ ახლობლების გაკვირვებას ყოველთვის მოახერხებთ. მუდამ ამაყობთ საკუთარი ოჯახის წევრებით, თავს იწონებთ მათი ორიგინალურობით, განსხვავებულობით, პროგრესულობით და თუ ძალიან კონსერვატულ ოჯახში გაიზარდეთ, მაშინ, პირიქით, იმით, რომ ამ კონსერვატული აზრების წინააღმდეგ ილაშქრებთ და ამბოხებას აწყობთ (ეს განსაკუთრებით მძაფრია გარდატეხის ასაკში).

    გიყვართ ადამიანები, მოგწონთ მათთან კონტაქტი, ყოველთვის ნათელ მხარეს ხედავთ მათში, თუმცა მაინც საშინლად მარტოსული ხართ, რადგან შინაგან სამყაროში არავის უშვებთ. რაღაცნაირად მუდამ ახერხებთ დისტანციის შენარჩუნებას.

    ძალიან პროგრესული და თანამედროვე ხართ. ემოციებზე აყოლა და ინსტიქტებით მოქმედება არ გჩვევიათ – კატეგორიულად შეურაცხგყოფთ ისეთი გრძნობები, როგორებიცაა ეჭვიანობა, მესაკუთრეობა, შიშები… განცდები თქვენთვის მეორეხარისხოვანია. ცდილობთ ყოველთვის რაციონალური იყოთ და ლოგიკურად იაზროვნოთ.

    ვერ იტანთ, როცა რამეს გაძალებენ, ეს თქვენი სასიცოცხლოდ აუცილებელი თავისუფლების ხელყოფაა. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ, ვინმემ სულში ხელები გიფათუროთ. ამ დროს საკუთარ თავში იკეტებით და პირიქით, საშინელი გაუცხოება გემართებათ.

    მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების პირველ ფაზაში საკმაოდ ფხუკიანი და თავნება შეიძლება იყოთ, ზრდასრულ ასაკში შინაგანი არეულობა არც ისე გხიბლავთ. ამაყობთ იმით, რომ თქვენი წყობიდან გამოყვანა არც ისე მარტივია, რომ საკუთარ განცდებზე მაღლა დგახართ და დამოკიდებულებები არ გჩვევიათ. ეს პროცესი სხვებისგან საკუთარი თავის გამოყოფა-გაუცხოებით შეიძლება დაასრულოთ.

    პარადოქსი ის არის, რომ მაშინ როცა სხვა ადამიანების ქცევები და მოტივაციები შესანიშნავად გესმით, საკუთარ შინაგან სამყაროსთან კავშირი გაქვთ დაკარგული, რადგან თვითიდენტიფიკაციას იმასთან კი არ ახდენთ ვინც ხართ, არამედ იმასთან, ვინც გინდათ რომ იყოთ. საკუთარ თავთან მოთხოვნები კი დიდი გაქვთ. შეიძლება ითქვას, რომ ზე-ადამიანის შესაფერისი.

    თქვენ თქვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია გაქვთ – ხართ ძალიან კაცთმოყვარე, მაგრამ იდეები უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, ვიდრე ადამიანი. გარშემომყოფებს შეიძლება ეგონოთ, რომ თანაგრძნობა არ შეგიძლიათ (თუ, რა თქმა უნდა, მთვარე არ არის შეერთებული ნეპტუნთან, ან რუკაში რამე სხვა ასპექტები არ აბალანსებს ამ მდებარეობას), თუმცა თქვენი მხრიდან ეს ქცევა მათთვის პირადი სივრცის და თავისუფლების მიცემაა მხოლოდ. გიყვართ, მაგრამ არ აკავებთ. ძალიან ტოლერანტული ხართ ნებისმიერი იდიოსინკრაზიის (ხასიათის თვისებების) მიმართ.

    ქარაფშუტას ვერავინ გიწოდებთ, მაგრამ წვრილმანებში თქვენი ნდობა არ შეიძლება. ხშირ შემთხვევაში ესეც თქვენი დამოუკიდებლობის ნაწილია. საერთო ჯამში მყარი ხართ, ერთგულიც და სანდოც, რადგან მერწყული ფიქსირებული ნიშანია, მაგრამ იმდენად შეპყრობილი თავისუფლებით, რომ თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი.

    ხართ შესანიშნავი მეგობარი. ყველას უფლებების დასაცავად ერთნაირად იბრძვით. ლიბერალური ფასეულობები გაქვთ და გამონაკლისი ამ შემთხვევაში არ არსებობს.

    საოცარი სიამაყის გამო ნებისმიერ კრიტიკაზე საშინლად რეაგირებთ, თუმცა გარეგნულად ამას არასოდეს იმჩნევთ. თითქოს სრულიად გულგრილი ხართ და არ გადარდებთ, შესაძლოა ჯინაზე ზუსტად ისევ ისე კეთებაც განაგრძოთ. გინდათ რომ ისეთი მიგიღონ, როგორიც ხართ. ,,თავი დამანებეთ!“ – აი, თქვენი საკვანძო ფრაზა.

    მიუხედავად უამრავი ნაკლისა, საოცრად მომხიბლავი და საინტერესო ადამიანი ბრძანდებით. თქვენ გარეშე ცხოვრება ძალიან ერთფეროვანი და მოსაწყენი იქნებოდა.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია