მთვარე თხის რქაში

    0
    31268

    მთვარე ჩვენი მოთხოვნილებებია, ჩვევები, რეაქციები და ინსტინქტები. იგი გვიჩვენებს თუ როგორ გამოვხატავთ და როგორ ვუმკლავდებით ემოციებს. იგი ჩვენს შინაგან საჭიროებებს ამხელს. ბევრი ასტროლოგი ფიქრობს, რომ მთვარე ჩვენში არსებული ქალური ნაწილია. იგი არის დედა და იგი არის ჩვენი ბავშვობა. მთვარე მამაკაცის რუკაზე ახასიათებს მასში არსებულ ქალურ საწყისს, რომელიც გამოძახილს ჰპოვებს მის მეუღლეში, მისი შვილების დედაში, ქალების რუკაზე  კი იგი განსაკუთრებით ძლიერია, შეიძლება ითქვას, რომ მზეზეც ძლიერი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქალი დედა ხდება.

    თქვენ ძალიან სერიოზულად აღიქვამთ საკუთარ თავს. თავდაჭერილი და დისტანციური ადამიანი ხართ. მოთხოვნილება გაქვთ იყოთ პროდუქტიული და აკეთოთ სასარგებლო საქმე.

    გიჭირთ გრძნობების გამოხატვა, ვინმესთვის გულის გადაშლა. გამუდმებით ცდილობთ  აკონტროლოთ საკუთარი თავი, ემოციები. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს რომ შინაგანი ტანჯვები არ გაქვთ. გაქვთ, როგორ არა, თანაც  შესაძლოა სხვა ნიშნებზე უფრო მძაფრიც. საშინელი დეპრესიები და შავბნელი განცდები გჩვევიათ.  ხშირად იდანაშაულებთ თავს, რომ რაღაც ისე ვერ გააკეთეთ, როგორც გინდოდათ. გაქვთ უამრავი კომპლექსი, გეშინიათ რომ სათანადოდ არ შეგიყვარებენ, არ დაგაფასებენ. არ ენდობით ადამიანებს… თუმცა ამ ყველაფერს არასოდეს ამჟღავნებთ, ან თუ ამჟღავნებთ, იუმორით, ცინიკოსობითა და სარკაზმით.

    აქედან გამომდინარე, ცოტა ცივი და ანგარიშიანი ადამიანის რეპუტაციაც შეიძლება გქონდეთ. ყველასთან ერთგვარ დისტანციას ინარჩუნებთ, ყველა ურთიერთობაში რაღაც საზღვარს აწესებთ, რომლის იქეთაც არავინ უნდა გადმოვიდეს. სხვებისგან მკვეთრად მიჯნავთ საკუთარ თავს.

    შესაძლოა თქვენს მშობლებს თქვენს ემოციურ განვითარებაზე არ უზრუნიათ, იყვნენ ძალიან მკაცრები, ან არასწორ ფორმას არჩევდნენ თქვენს აღსაზრდელად. ,,დასამშვიდებლად“ მოკრულმა იარლიყმა – ,,მტირალა“ თავისი გაიტანა – გრცხვენიათ ცუდად ყოფნის, გრცხვენიათ იმის თქმის, რომ გტკივათ, გაწუხებთ, გეშინიათ… ყველაფერს შიგნით იტოვებთ. შესაძლოა რთული ბავშვობა გქონდათ, ძალიან პატარა ასაკში მოგიწიათ ,,გაზრდა“ და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ჰოდა, გადაწყვიტეთ რომ არც გაქვთ ,,ბავშვობის დრო და უფლება“. ასეა თუ ისე, საკუთარ თავში ჩაიკეტეთ.

    აუცილებელია თვითანალიზი. საკუთარ შიშებში, კომპლექსებში გარკვევა. გულგრილობა რეალურად თქვენი თავდაცვაა. დისტანცია – უნდობლობა. სარკაზმი – გაცრუებული იმედები და ტკივილი. კარგი იქნება თუ ისწავლით გრძნობების და მოთხოვნილებების გამოხატვას. ასე უკეთესად გაგიგებენ.

    დაკარგული წონასწორობის, ემოციური სტაბილურობის აღდგენას განმარტოებით, სხვებისგან იზოლაციით ახერხებთ. გამუდმებით გტანჯავთ მარტოსულობის საშინელი შეგრძნება, თუმცა, რაღა თქმა უნდა, არც ამას იმჩნევთ.  პირად ცხოვრებაში წარუმატებლობამ შეიძლება ვორკაჰოლიკად გაქციოთ, მთლიანად საქმეზე გადადოთ თავი პრობლემების დასავიწყებლად. გულის კარნახით იშვიათად მოქმედებთ, ყველაფრის ცივი გონებით გადაჭრას ცდილობთ.

    გინდათ რომ ყველაფერი თქვენს კონტროლში იყოს, ყველაფრის სისტემატიზაციას, სტრუქტურიზებას ცდილობთ. თხის რქა მენეჯმენტია. ჰოდა, საკუთარ ემოციებს ძალიან კარგად მართავთ. გაქვთ დიდი ამბიციები, კარგი ანალიზის უნარი და შესანიშნავი მეხსიერება. განსაკუთრებით ემოციური მეხსიერება. შრომისმოყვარეობა და საქმისთვის თავის გადადება თქვენთვის უცხო არ უნდა იყოს.

    მიზნები ყოველთვის რეალური გაქვთ, სურვილები მკაფიო და გარკვეული. დიდად არ გიყვართ რისკი და სიმშვიდისთვის გარანტიები გჭირდებათ. პატივს სცემთ ავტორიტეტებს, ტრადიციებს, უფროს ადამიანებს. თქვენი ძლიერი მხარე დაგეგმვაა, შეგიძლიათ შეადგინოთ წლებზე გათვლილი სამოქმედო გეგმა.  ფული ყოველთვის გყოფნით, რადგან იცით როგორ გაანაწილოთ. არასოდეს ხარჯავთ და გასცემთ იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა და ეს სიძუნწეს სულაც არ ნიშნავს.

    დაზიანებული მთვარის პირობებში, ან მდაბალ გამოვლინებაში ასეთი ადამიანები სხვა ადამიანებს იმის მიხედვით აფასებენ, თუ რაში შეიძლება გამოიყენონ. ეგოისტი, ზედმეტად მომთხოვნი, გულცივი და პესიმისტი შეიძლება იყოთ. დადებით გამოვლენაში კი ზემოთაც ვთქვით – პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინა და ერთგულებაა.

    გულის სიღრმეში თქვენი ყველაზე დიდი სურვილი დაფასებაა, გინდათ რომ პატივს გცემდნენ.  კარგად დაგეგმილი და წინასწარ გაწერილი ცხოვრება, მიღწეული მიზნები, პროფესიული წინსვლა, წარმატება და ახლობლების პატივისცემა, დაფასება  – აი, თქვენი იდილია და სულიერი სიმშვიდის გარანტი.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია