მერკური ჩვენი კომუნიკაციის მანერაზე, ინფორმაციის მიღება-გაცემაზე, აზროვნების სტილზე აგებს პასუხს.
მერკური მორიელში ბრწყინვალე სტრატეგია. ისინი ჭკვიანები არიან და ინსტიქტებით მოქმედებენ. ვერ იტანენ ზედაპირულობას, ყველაფრის სიღრმეში ჩაწვდომა სურთ და გამოსდით კიდეც. აქვთ ჭეშმარიტების დანახვის ნიჭი და არასდროს აფრთხობთ იმ გზაზე სიარული, სხვებს რომ ნაბიჯის დადგმისაც ეშინიათ. ის, რაც მათთვის ცხადია, სხვებს საგონებელში აგდებს. იმას, რაც მათ ინტუიციით იციან, სხვები მთელი ცხოვრება სწავლობენ.
ეს უძლიერესი ტვინია, რომელსაც ყველა ამჩნევს, თუმცა ვერაფერს აწყობს მის წინააღმდეგ. კარგად შიფრავენ ადამიანებს და ნებისმიერ ხრიკს უხვდებიან მათ. არც იოცნებოთ რომ არგუმენტირებულ კამათში აჯობებთ… ეს ურთულესია. მათ გამარჯვება სწყურიათ პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. უჭირთ ობიექტურობა. ტაქტში მოიკოჭლებენ და ხშირად ამბობენ იმას , რასაც ფიქრობენ, თუნდაც ეს არც ისე სასიამოვნო იყოს. ემოციურობა, ხშირად ისევ თავად მათ აზარალებთ. ადამიანები ხშირად ვერ იგებენ უყვარდეთ ისინი თუ სძულდეთ.
სულით ხორცამდე ლოიალურები არიან და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გვერდში დაუდგებიან და მხარს დაუჭერენ მათ, ვინც მათთვის ძვირფასია. არიან მესაკუთრეები, მანიპულატორები და მაკონტროლებლები. ჰგონიათ რომ მხოლოდ ამ გზით შეუძლიათ იმათი დაცვა, ვინც უყვართ. ეჭვიანებიც გვხვდებიან მათ შორის. მგზნებარე ხალხია და პირველივე ურთიერთობისას ამჟღავნებენ ამას. არიან კარგი მოტივატორები და ყველაზე ხშირად ფიქრობენ სექსსა და სიკვდილზე.
სწავლობენ გამოცდილებით, სწავლობენ ტკივილით და მძაფრი ემოციებით, წიგნების კითხვას და ლექციებზე ჯდომას ცხოვრებიდან და ადამიანებიდან მიიღონ პირდაპირი ცოდნა ურჩევნიათ. თუკი ვინმე ან რამე არ აინტერესებთ, ყველაფერს გააკეთებენ მის თავიდან მოსაშორებლად. ძალიან უჭირთ სკოლაში, როცა იძულებულები არიან ის საგნებიც ისწავლონ, რომლებიც არ აინტერესებთ. ატყვევებთ ყველაფერი, რაც მათი ტვინისთვის გამოწვევაა. გატაცებულნი არიან მისტიკით, ოკულტიზმით და პარანორმალური მოვლენებით.
ჯიუტები იქამდე უკირკიტებენ ყველაფერს სანამ ბოლომდე არ გაიგებენ, ფსკერამდე არ ჩავლენ. გიჟდებიან საიდუმლოებებსა და ინტრიგებზე და კარგად გამოსდით მათი გამოტყუება სხვებისგან, თუმცა თავად არავითარ ფასად არ გაგყიდიან და შეგიძლიათ თავისუფლად ენდოთ. მათგან კარგი დეტექტივები, გამომძიებელები და მკვლევარები დგებიან. შესაძლოა მოღვაწეობდნენ ხელოვნების სფეროშიც, სადაც ადამიანური ბუნების ბნელი მხარეების სააშკარაოზე გამოტანას მოახერხებენ.
აქვთ ფსიქოლოგიური ტალანტები და ადამიანური ბუნების გაგების ცხოველური ინტერესი . პრობლემის სიღრმეში აღწევენ და პირდაპირ წარმოშობის მიზეზების ამოცნობა შეუძლიათ. ნამდვილად სურთ სხვების დახმარება და მშვენივრად იყენებენ ამისთვის ალღოს, მაგრამ ხშირად, როცა ჰგონიათ რომ ვინმეს ეხმარებიან, მათი კრიტიკულობა ნეგატიურ უკურეაქციას იწვევს ისევ იმათგან, ვის დახმარებასაც ცდილობენ.
სულის ყველაზე ბნელ კუნჭულებში აღწევენ, გულის ყველაზე ბნელ კუთხეში მიმალული საიდუმლოებების გამოქექვა შეუძლიათ, თუმცა ამ მექანიზმებს საკუთარი თავის კვლევისთვის არ იყენებენ. შესაძლოა სწორედ სხვების სულის სიღრმეში ეძებენ საკუთარი სულის შესახებ კითხვებზე პასუხებს. მათ მთელი არსებით სურთ გაარკვიონ რა ამოძრავებთ ადამიანებს.
აქვთ ბასრი ენა, უყვართ სატირა და კრიტიკული იუმორი. არც იფიქროთ უშნოდ გაეხუმროთ, მან იცის რა გიდევთ თავში, იცის თქვენი ყველა მანკიერება და ამის შესახებ ისეთი მწარე და გესლიანი ხუმრობით გაიგებს დამსწრე საზოგადოება, გენდომებათ მიწა გაგისკდეთ და თან ჩაგიტანოთ.
უანგაროები, გამჭრიახები, ცნობისმოყვარეები და შეუპოვრები არიან, აქვთ შესანიშნავი ალღო, თუმცა უარყოფით გამოვლენაში შესაძლოა ეს ყველაფერი პარანოიაში, ცინიზმში, სკეპტიკურობაში, სარკაზმში, აზრებით აკვიატებასა და ყოველთვის საწინააღმდეგოს მტკიცებაში გადაიზარდოს, მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი გონებრივი შესაძლებლობით დატკბნენ.
ცნობილი ადამიანები მორიელი მერკურით : მაჰათმა განდი (სასწორი), იოსებ გებელსი(მორიელი), პროსპერ მერიმე (სასწორი), თეოდორ რუზველტი (მორიელი), ჯონ ლენონი (სასწორი), ოსკარ უაილდი ( სასწორი), ჰილარი კლინტონი (მორიელი), პაბლო პიკასო (მორიელი), უოლტ დისნეი (მშვილდოსანი), ჯონ კენედი უმცროსი ( მშვილდოსანი), მარტინ სკორსეზე (მორიელი), კრისტეფორე კოლუმბი (მორიელი), გუსტავ ფლობერი ( მშვილდოსანი), მარკ ტვენი (მშვილდოსანი), სპინოზა( მშვილდოსანი) და ა.შ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია