მერკური ქალწულში

0
19949
A cup of coffee a pen a pair of glasses and a crossword puzzle

მერკური ჩვენი კომუნიკაციის მანერაზე, ინფორმაციის მიღება-გაცემაზე, აზროვნების სტილზე აგებს პასუხს.

მერკურით ქალწულები ღიზიანდებიან, როცა რაიმეზე კონტროლს კარგავენ. არიან სერიოზულები, პრაქტიკულები და უყვართ როცა მის საზრიანობას, ჭკუას აფასებენ და ენდობიან, თუმცა  სცენაზე დგომას უკანა პლანზე დგომა და იქედან დირიჟორობა ურჩევნიათ, თუკი რუკაზე სხვა ასპექტებიც ხელს უწყობენ მათ ჩაკეტილობას.

კარგი ორგანიზატორები, კარგად გეგმავენ და უძღვებიან საქმეს. მაქსიმალურად ავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს, როცა იციან რას უნდა ელოდონ და ყოველთვის გამოგიწვდიან დახმარების ხელს.

ყველაფერს დეტალებში სწავლობენ, პატარა წვრილმანებიც არ რჩებათ ყურადღების მიღმა. ამჩნევენ იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ და  იმდენად არიან დეტალებზე ორიენტირებული, ზოგადი სურათის დანახვა ხშირად უჭირთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, კრიტიკულ სიტუაციებში შესანიშნავად მართავენ ყველაფერს, რადგან ემოციები არასოდეს აკარგვინებთ თავს. ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებენ და მთლიანად საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულნი. არიან პატიოსნები და პირიანები. ამიტომ მეგობრებისა და თანამშრომლების დიდ პატივისცემას იმსახურებენ.

სწავლობენ ბევრს, განსაკუთრებით თავიან პროფესიაში, თუმცა ბოლომდე ყველაფრის შეთვისება უჭირთ, თუკი ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენების საშუალება არ მიეცათ. ვერც ხვდებიან რა აზრი აქვს სწავლას, თუკი მას ვერ გამოიყენებენ. სტრუქტურული გარემო და კარგად ჩამოყალიბებული სასწავლო მეთოდები სჭირდებათ.

აქვთ მათემატიკური ნიჭი, უჩვეულო ანალიტიკური გონება, რკინის ლოგიკა, მშრალი იუმორი და ძალიან კრიტიკულები არიან, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ. ყოველდღიურ საქმიანობას დიდი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან და  რამდენსაც აკეთებენ, იმდენივეს ითხოვენ სხვებისგან.  ყველაზე მეტად სიზუსტეს და აკურატულობას აფასებენ. კონკრეტული ქმედების დაწყებამდე ყოყმანი არც ისე უჩვეულოა მათთვის, იმიტომ კი არა რომ ეშინიათ ან მერყეობენ, უბრალოდ ყველაფერს კიდევ ერთხელ ამოწმებენ გონებაში. ინტერსს კარგავენ ყოველგვარ პროექტზე, რომლის წარმატებაში ეჭვი ეპარებათ. არ მოკიდებენ ხელს არავითარ შემთხვევაში საქმეს, რომლის რეზულტატს წინასწარ ვერ ხედავენ.

საუბრობენ გასაგებად, ხსნიან დეტალებში. სხვებს უყვართ მათი მოსმენა, პატივს სცმენ მათ აზრებს თუმცა თავად ყველაფერზე საკუთარი აზრი აქვთ და ვერაფრით გადაიყვანთ თქვენს ჭკუაზე. ვერაფრით ათქმევინებთ უარს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, ვერაფრით მოსწყვიტავთ სამუშაოს. შრომობენ ბევრს და წუწუნებენ ბევრს იმაზე, რომ ბევრს შრომობენ.

უყვართ ფაზლები, კროსვორდები, თავსატეხები  და გამოწვევები. კითხვაც მათი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა.

სიტემატურები, სტაბილურები, მშრომელები და მომთხოვნები არიან, თუმცა ამავდროულად შეიძლება პესიმისტები, სარკასტულები, კრიტიკულები და მეწვრილმანეებიც გახლდნენ.

ცნობილი ადამიანები ქალწული მერკურით: დედა ტერეზა (ქალწული), კოკო შანელი(ლომი), ალფრედ ჰიჩკოკი (ლომი), ფრედერიკ ბეგბედერი(ქალწული), ნილ არმსტრონგი(ლომი), დიმიტრი მედვედევი (ქალწული), ლევ ტოლსტოი(ქალწული), კარდინალი რიშელიე (ქალწული), მონიკა ბელუჩი (სასწორი), ფრედი მერკური (სასწორი), ემი ვაინჰაუსი (ქალწული), უიტნი ჰიუსტონი (ლომი) და ა.შ.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია