მერკური ჩვენი კომუნიკაციის მანერაზე, ინფორმაციის მიღება-გაცემაზე, აზროვნების სტილზე აგებს პასუხს.
ძალიან სენსიტიური და ჩაკეტილი მერკურია, ამიტომ მერკურით კირჩხიბებიც ცოტას ლაპარაკობენ და ბევრს ისმენენ. აზროვნებენ ღრმად, არიან ყურადღებიანები და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაზე მეტად აინტერესებთ სხვები. პასუხებს აგვიანებენ, მოგეჩვენებათ რომ ძალიან დიდხანს ფიქრობენ, თუმცა შესაძლოა გადაწყვეტილება იმაზე გაცილებით ადრე მიიღონ, ვიდრე გიპასუხებდეთ. გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ თავში იკეტებიან და სჯობს მარტო დატოვოთ, რადგან სწორედ ამ გზით ახერხებენ საკუთარი აზრების ჩამოყალიბებას და ირიდებენ სხვების ზეგავლენას თავიდან. ვერ იტანენ, როცა ვინმე ყურადღებას უფანტავს და ფოკუსირებაში ხელს უშლის.
ემოციური სტაბილურობა იმდენად მნიშვნელოვანია მათთვის, რომ მხოლოდ მაშინ ახერხებენ სწავლას, როცა ემოციურად გაწონასწორებულები არიან. შეუძლიათ უამრავი ინფორმაციის დამახსოვრება, სწავლობენ გამოცდილებით და ურჩევნიათ ერთ საგანზე კონცენტრირება და ნაბიჯ- ნაბიჯ სიღრმეში შესვლა. ჩვეულებების ადამიანები ყოველდღიურობის, რუტინის დარღვევას ვერ ეგუებიან.
კომუნიკაციის პროცესშიც მათვის მოსაუბრის ემოციები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი სიტყვები. კარგად შიფრავენ ქვეცნობიერის მესიჯებს, ხაზებს შორის კითხულობენ და იოლად ვერ გაასულელებთ. არიან თბილები და შეუძლიათ მთლიანად გაითავისონ ვინმეს მდგომარეობა და წარმოიდგინონ თავი თქვენ ადგილას. თუ რჩევა გჭირდებათ მშობლიურად დაგარიგებთ და მის გვერდით ყოველთვის დაცულად იგრძნობთ თავს.
არ უყვართ კამათი და აუცილებლად დათმობენ პოზიციას, თუკი ამითი ჩხუბის არიდება იქნება შესაძლებელი, თუმცა ამავდროულად კამათის წამოწყება ეხერხებათ. ამას ძალიან ოსტატურად აკეთებენ და შემოკამათება სწყინთ. საუბრისას თავდაცვითი პოზიცია უჭირავთ და იმდენად ღრმააზროვანი ნატურა აქვთ, არაფერს რომ არ მალავდნენ, მაინც გეგონებათ რომ რაღაცას ბოლომდე არ ამბობენ, რის გამოც ხშირად პრობლემები ექმნებათ.
თავაზიანი, ინტუიციური, სენტიმენტალური ხალხია, ძალიან ინდივიდუალური და ემოციური. იმდენად კარგი ინტუიცია აქვთ იმდენად კარგად განვითარებული ინდივიდუალიზმი რომ ობიექტურობა უჭირთ. არიან ბუტიები. გულნატკენები თავიანთ ბაკანში ძვრებიან. კრიტიკას ძალიან განიცდიან და ცუდ ხასიათზე მყოფნი უჟმურები ხდებიან. თუმცა სხვების ნაჭუჭიდან გამოყვანა და გახსნა კარგად ეხერხებათ და ტაქტიანებსა და ყურადღებიანებს არც სხვების სიმპატია და მხარდაჭერა აკლიათ.
თუკი მზე ხელს უწყობთ, ძალიან კარგი სპიკერები და მწერლები ხდებიან, რადგან შესანიშნავი ალღო აქვთ და შინაგანად გრძნობენ აუდიენციას. აინტერესებთ წარსული და ისტორიული ფაქტები. სიამოვნებით იმუშავებდნენ მუზეუმში. უყვართ პოეზია, მუსიკა… არიან ლოიალურები და პატრიოტები.
და კიდევ კირჩხიბი მერკური ყველაზე დიდებული მსმენელია ყველა მერკურს შორის და შემაძრწუნებელი მახსოვრობა აქვს, განსაკუთრებით თუ მის ემოციურ ნატურას სხვა ასპექტებიც ამყარებენ რუკაზე.
ცნობილი ადამიანები კირჩხიბი მერკურით: კარლ იუნგი( ლომი), უილიამ დეფო (კირჩხიბი), პრინცესა დაიანა(კირჩხიბი), ჩე გევარა (ტყუპები), ვინ დიზელი (კირჩხიბი), ტომ ჰენკსი (კირჩხიბი) და ა.შ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია