მერკური ტყუპებში

    0
    18258

    მერკური ჩვენი კომუნიკაციის მანერაზე, ინფორმაციის მიღება-გაცემაზე, აზროვნების სტილზე აგებს პასუხს.

    აქ მერკური ისე გრძნობს თავს როგორც საკუთარ სახლში… ის თავის სტიქიაშია, თავისუფალია და ბოლომდე ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს… გონებამახვილი, სხარტი და ეკლექტური მერკურია, რომელიც ცოტა თავქარიანობაშიც შეიძლება გამოვლინდეს.

    მერკურით ტყუპებს  აქვთ კარგი ზოგადი განათლება, იციან ყველაფერი… და ბოლომდე არაფერი. საშინლად ცნობისმოყვარეები არიან, სწავლობენ სწრაფად, მაგრამ ვინაიდან ბევრი განსხვავებული ინტერესი აქვთ, უჭირთ ერთ საგანზე კონცენტრირება. მალე სწყინდებათ ყველაფერი და მოწყენილობის გამო ყურით შეიძლება მოათრიონ პრობლემები, უაზრო ალიაქოთი შექმნან, უაზრობაზე იდავონ და ტყუილად გამოგიწვიონ კამათში მხოლოდ იმიტომ, რომ ცოტა უფრო საინტერესო გახადონ ყველაფერი.

    აქვთ შესანიშნავი იუმორის გრძნობა, კარგად განვითარებული ფანტაზია და ტყუილების შეთხზვაში ბადალი არ ჰყავთ. ამბის გასაფორმებლად და შესალამაზებლად  შეიძლება ისე მოიტყუონ, თავადაც დაიჯერონ თავიანთი ტყუილი და ამის გამო სინდისმა არასოდეს შეაწუხოთ. ვერ წარმოუდგენიათ რატომ უნდა გააფუჭებინონ საინტერესო და სახალისო ისტორია სიმართლეს.  კარგად ამჩნევენ სხვების სისუსტეებს, უყვართ ნაკლოვანებების გაბუქება და ამითი ერთობიან, შესაძლოა უბრალოდ  იმიტომ რომ კარგად გამოსდით.

    მათი უმეტესობა ძალიან ინტელექტუალური ადამიანია და სურს სხვებსაც დაანახოს ეს.  უყვართ ინტელექტუალური თამაშები და აღტაცებაში მოდიან, როცა კარგ ინტელექტუალურ მოპაექრეს ნახულობენ. ემოციებისგან დამოუკიდებლად შედიან კონტაქტში. აზროვნებენ ლოგიკურად და არა ინტუიტიურად. მათი გონება სართავი ჯარასავით დაუღალავად ტრიალებს. გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებენ და ხშირ შემთხვევაში არ ცდებიან. ჰაერში იჭერენ და ისრუტავენ ინფორმაციას, შეუძლიათ ყურმოკრული წიგნი ისე დაბეჯითებით განიხილონ, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ წაკითხული აქვთ.

    არიან საინტერესო მოსაუბრეები, ყოველთვის აქვთ რაიმე საინტერესო ინფორმაცია სხვისთვის გასაზიარებლად.  ვერძი მერკურისგან განსხვავებით, არ არიან მიჯაჭვულები საკუთარ მოსაზრებებსა და იდეებზე. იოლად ითვისებენ და ყველაფერი აინტერესებთ. შთაბეჭდილებიანებზე  გარემო და სხვისი აზრი ძალიან მოქმედებს, ძალიან მგრძნობიარენი არიან  ყველაფერი იმის მიმართ, რაც მათ ირგვლივ ხდება.  არც ისე რთული არაა მათი რაიმეში დარწმუნება, გადაწმუნება და აზრის შეცვლევინება.

    მოუსვენრები, უარს ვერ ამბობენ გამოწვევებზე. აქვთ ბევრი მენტალური ენერგია, გამუდმებით რაღაცას სწავლობენ, რაღაცაზე ფიქრობენ, და რაღაცას განიხილავენ. დაღლილობას ვერ გრძნობენ, ზომიერება მათთვის უცხოა და თუ ამ ენერგიამ სათანადო კალაპოტი ვერ ნახა,   ფსიქიკური აშლილობის საფრთხე ემუქრებათ.  საჭიროა ფიზიკური ვარჯიში დაძაბულობისა და გაღიზიანების მოსახსნელად და აუცილებელია ისწავლონ დასვენება.

    უყვართ ლაყბობა, კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა და ახალი სიტუაციები, ახალი ნაცნობები, ახალი ურთიერთობები. ფეხს უწყობენ ნებისმიერ გარემოს. სოციალურ შეკრებებზე პეპელასავით ერთი ჯგუფიდან მეორე ჯგუფში დაფარფატებენ, ჭორიკნები და იუმორით სავსეები ძალიან მომხიბვლელები არიან. ფლირტის ხელოვნებას კარგად ფლობენ. ჭკვიანური ლაქლაქით თავგზას უბნევენ და  ატყვევებენ პარტნიორებს. უყვართ სატელეფონო საუბრები და შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანთან ნებისმიერ თემაზე საუბარი. ენაწყლიანებისა და მხიარულების გვერდით რთულია მოწყენა.

    უყვართ მოგზაურობა, კითხვა, ლაპარაკი და ახალ ადამიანებთან შეხვედრა. ეხერხებათ ყველაფერი, და არაფრის ოსტატები არიან. დისციპლინა და კონცენტრაცია მათი აქილევსის ქუსლია. აუცილებლად უნდა ეცადონ აკონტროლონ ფიქრები, აზრები, სიტყვები და ქმედებები, თუ უნდათ წარმატებულები გახდნენ.

    წერის დროს უკეთ კონცენტრირდებიან  რამეზე და ამიტომ კარგი ჟურნალისტები, მწერლები დგებიან. წარმატებები აქვთ მარკეტინგში, ყიდვა-გაყიდვაში,  პედაგოგიკაში და ყველა იმ პროფესიაში, რომელიც კომუნიკაციასთან, ლაპარაკთანაა კავშირში.

    ცნობილი ადამიანები ტყუპი მერკურით: ანა ფრანკი (ტყუპები), ერიხ მარია რემარკი (კირჩხიბი), ჰარი ბიჩერ სტოუ (ტყუპები), ფრანც კაფკა (კირჩხიბი), დალაი ლამა XIV, მერლინ მონრო (ტყუპები), პოლ მაკარტნი, ტომ კრუზი და ა.შ

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია