მერკური ჩვენი კომუნიკაციის მანერაზე, ინფორმაციის მიღება-გაცემაზე, აზროვნების სტილზე აგებს პასუხს.
მერკურით კუროების მთელი დრო გადაწყვეტილებების მიღებას მიაქვს, მაგრამ როცა ბოლოსდაბოლოს გადაწყვეტენ, ვეღარაფრით გადააფიქრებინებთ. ერთი შეხედვით ზარმაცი მოაზროვნეა, მაგრამ თუკი კარგად შეისწავლით, აღმოაჩენთ რომ კი არ ეზარებათ, უბრალოდ მეტი სიფრთხილითა და გულდასმით ფიქრობენ.
ძალიან უჭირთ რაიმე ახლის დაწყება, მაგრამ თუ დაიწყეს, ბოლომდე მიიყვანენ, რადგან დასაწყისშივე გაანგარიშებული აქვთ დასასრული. არ უყვართ რისკი, თუკი რაიმეში შრომას დებენ, ამ შრომას რეალური შედეგი უნდა ჰქონდეს. თუკი წინასწარ ვერ ხედავს, რა რეზულტატი მოჰყვება მის ნაბიჯს, ვერაფრით გადაადგმევინებთ. ვერ იტანენ როცა იძულებულნი არიან სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება. ყოველთვის წინსაწარ ფიქრობენ, კარგად განიხილავენ, აწონდაწონიან ნებისმიერ საქმეს და დინჯად და აუჩქარებლად შეუდგებიან კეთებას. გულწრფელად სჯერათ რომ საბოლოოდ დინჯები და სტაბილურები იგებენ ყოველგვარ შეჯიბრს.
მათთვის სამყარო ისეთია, როგორსაც ხედავენ… ყველაფერს იმეცნებენ ფერით, გემოთი, სუნით, შეხებით… ძალიან გრძნობისმიერი ადამიანები არიან და და ინფორმაციასაც სწორედ გრძნობითი ორგანოების მეშვეობით ამუშავებენ, რაც მათი კომუნიკაციის სტილზეც აისახება.
სწავლობენ არგუმენტებით, საფუძვლიანი კონცეფციებით და კონკრეტული პასუხებით. მათ დამამტკიცებელი საბუთები სჭირდებათ, სიტყვებით ვერაფერში დაარწმუნებთ, თუ რეალური ფაქტებით არ გაამყარეთ თქვენი გამოსვლა. ზანტებს, ცოტა მეტი დრო სჭირდებათ არსში ჩასაწვდომად და იმ ყველაფრის კარგად გასაგებად, რასაც ეუბნებით.
თავადაც არასოდეს ალამაზებენ, არ აფორმებენ სათქმელს. არასოდეს ეძებენ ქვეტექსტებს და არც თავად ,,გულისხმობენ“ რამეს. ,,ტაფა არის ტაფა“. ლაპარაკობენ ზუსტად და კონკრეტულად. ზომიერები და სტაბილურები, მიწაზე მყარად დგანან, რეალისტები და ცოტა სარკასტულებიც არიან. აქვთ შესანიშნავი მეხსიერება და სასიამოვნო, მელოდიური ხმა. იდეები – პრაქტიკული და გამოსადეგი, თემები – კარგად დამუშავებული და შეკრული. ისინი, ვინც მათ რჩევებს ითვალისწინებენ, იშვიათად ნანობენ. ხალხი მათ უსმენს, ხალხს მათი სჯერა და სერიოზულად აღიქვამს, ამიტომ როგორც წესი კარგ სპიკერებად გვევლინებიან.
შორსმჭვრეტელობისა და გამჭრიახობის წყალობით წარმატებები აქვთ ბიზნესში და ფინანსებში. შესაძლოა ტალანტები ჰქონდეთ ხელოვნების სფეროებშიც.
არიან მძიმეები, თავდაჯერებულები, დისციპლინირებულები, ჯიუტები და ხანდახან კერპები. კარგი იქნებოდა თუკი ცოტა მოქნილები გახდებოდნენ და ადაპტირებას ისწავლიდნენ.
ზოგადად, კი მერკურის ასეთი მდებარეობა, თუკი სხვა ასპექტებიც ხელს უწყობს, კარიერაში ძალიან ხელსაყრელია.
ცნობილი ადამიანები კურო მერკურით : სალვადორ დალი (კურო), ჯონ კენედი (ტყუპები), მარკიზ დე სადი (ტყუპები), ლინდა გუდმენი (ვერძი), დონატელა ვერსაჩე (კურო), შერი (კურო), ჯონი დეპი (ტყუპები), ჯორჯ ლუკასი (კურო) და ა.შ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია