მერკური ჩვენი კომუნიკაციის მანერაზე, ინფორმაციის მიღება-გაცემაზე, აზროვნების სტილზე აგებს პასუხს.
სასიამოვნო მოსაუბრე, ურთიერთობებში უწყინარი თითქმის პოეტური მერკურია. აქ გონებას გრძნობები მართავენ.
თევზი მერკურის პატრონები მთლიანად ემოციებითა და სულიერი განწყობილებებით არიან გართულები, წვრილმანები არ აინტერესებთ. შიშველი ფაქტები და მტკიცე გადაწყვეტილებები არ მოსწონთ. ურჩევნიათ მთლიანად მიენდონ ინტუიციას, ვიდრე ლოგიკას. ადამიანზეც ზუსტად ასევე იქმნიან წარმოდგენას, თავიანთი ინტუიციის წყალობით, ყოველგვარი ფაქტობრივი მასალის ცოდნის გარეშე და არც ცდებიან ხოლმე.
ურთიერთიერთობებში არაპირდაპირები არიან, კარგი მსმენელები, როგორც ყველა წყლის ნიშნის მერკურის მფლობელები და კარგი კონტროვერსალისტები. არაპროგნოზირებადები როდის როგორ ხასიათზე იქნებიან და რას მოიმოქმედებენ, წინასწარ განსაზღვრა რთულია.
შესანიშნავი თანაგრძნობის უნარი აქვთ. სანამ რამეს ეტყოდეთ ალღოთი ხვდებიან როგორ ხართ, რას გრძნობთ და რის თქმას აპირებთ. შესაძლოა გითხრან ის, რისი მოსმენაც იმ წუთას ყველაზე მეტად გსურთ და ყველანაირად ცდილობენ რაც შეიძლება მეტი კომფორტი შეგიქმნან. ამის გამო ხშირად იტყუებიან.
არიან გულუბრყვილოები, იდეალისტები და მიმნდობები, რითაც ბევრი ბოროტად სარგებლობს. ამ ყველაფერს კი ძალიან განიცდიან. ძალიან მგრძნობიარეები არიან გარემოს მიმართ, ძალიან მოწყვლადები.
ნერვული სისტემის და მენტალური სიჯანსაღისთვის აუცილებელია ყოველდღიურობისგან და ამქვეყნიური ვალდებულებებისგან, ხმაურისგან პერიოდული დასვენება. მათთვის აუცილებელია მარტოობა, თუმცა დიდი ხნით არა, რადგან შეიძლება საკუთარი თავი დაკარგონ.
ძალიან დიდი წარმოსახვის უნარი აქვთ. მეოცნებეები ხშირად ფანტაზიებში ეფლობიან. აბსტრაქტულად აზროვნებენ და ნააზრევის კონკრეტულ აზრებად ჩამოყალიბება უჭირთ. ამიტომ ხშირად არც ისე ინტელექტუალები, ან, უფრო კარგ ვარიანტში, არც ისე ენამახვილები ჩანან, როგორებიც არიან. თუმცა თუ მოახერხეს და შემოქმედების გზით წავიდნენ, აუცილებლად მოახერხებენ რწმენისა და საკუთარი თავის პოვნას.
სწავლას რაც შეეხება, ფორმალურად, წიგნებიდან სწავლა, მათთვის არც ისე ეფექტური მეთოდია. ისინი ცოდნას სხვა გზებით იღებენ. მათი გონება მუდამ სხვაგან ქრის, დინებას აყოლილი… გულჩათხრობილებსა და მეოცნებეებს კითხვაზე ურყევ პასუხს ვერ მოთხოვ. იმდენ ინფორმაციას ისრუტავენ, ერთ აზრზე დიდხანს დარჩენა უჭირთ. სჯერათ რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და რადგან ახალი იდებისა და სხვისი აზრების მიმართ ძალიან ღიები არიან, ხანდახან გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. აკლიათ საკუთარი თავის რწმენა. არიან ზარმაცები, მგრძნობიარეები და არაპრაქტიკულები. ხშირად ძალიან არაორგანიზებულებადაც ეჩვენებიან სხვებს. უმეტესად ცუდ გუნებაზე არიან, რაც მათ შემოქმედებაზეც აისახება ხოლმე.
არ მოსწონთ სამუშაო, რომელსაც სიძლიერე, ორგანიზებულობა, მოთმინება და პასუხისმგებლობის გრძნობა სჭირდება. მუსიკოსობა და პოეტობა კარგად გამოუვათ, ვიდრე მეცნიერობა და მექანიკოსობა.
ფსიქიკასა და პარანორმალურ სამყაროში კარგად ერკვევიან. სულიერება, მედიტაცია და ლოცვა მათთვისაა მოგონილი. ვიზუალიზაციისა და ხელებით მკურნალობის მეთოდებში წარმატებები ექნებათ. ძალიან დიდი ინტერესი აქვთ და ნიჭი ხელოვნებაში. არტისტიზმისკენ მიდრეკილება, თეატრში, კინოში, მუსიკაში წარმატებას განაპირობებს.
მთავარია პოზიტივისკენ ისწრაფონ და საკუთარი ფანტაზიები აკონტროლონ.
ცნობილი ადამიანები თევზები მერკურით: ჩარლზ დარვინი (მერწყული), გალილეო გალილეი (თევზები), რუპერტ მარდოკი (თევზები), კურტ კობეინი (თევზები), ნიკოლას კოპერნიკი (თევზები), ოსამა ბინ ლადენი (თევზები), იოჰან სებასტიან ბახი (ვერძი), აბრაამ ლინკოლნი (მერწყული), რუდოლფ შტეინერი (თევზები), შერონ სტოუნი (თევზები), ჟულიეტ ბინოში (თევზები), ბრიუს ვილისი (თევზები), რობი უილიამსი(მერწყული), იოკო ონო (მერწყული), ჯოვანი კაზანოვა (ვერძი), ნორა ჯონსი (ვერძი) და ა.შ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია