მარსი მშვილდოსანში

0
18588

 

მარსი ჩვენი მოქმედების სტილზე აგებს პასუხს. როგორ ვიბრძვით იმისთვის, რაც გვსურს. იგი ჩვენი აგრესიული ინსტინქტებია, სექსუალობა და დრაივი.

როცა მარსით მშვილდოსანი ბრაზობს, გაქცევის სურვილი უჩნდება, ან თუ ვერ გარბის, რამის გაკეთებას იწყებს: წინ და უკან დადის, ავეჯს დაათრევს აქეთ იქეთ….

 

თქვენ ძალიან მოუსვენარი ადამიანი ხართ. მოთმინების ფიალა მალე გევსებათ. ერთ ადგილზე  მშვიდად ყოფნა არ ძალგიძთ.  გირჩევთ, აუცილებლად დაკავდეთ ფიზიკური აქტივობით,  თუკი გინდათ რომ საკუთარი სიბრაზის მართვა მოახერხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი პრობლემა შეგექმნებათ.

 

გჩვევიათ რამდენიმე საქმისთვის ერთდროულად ხელის მოკიდება, თუმცა ბოლომდე მიყვანა გიჭირთ. ენთუზიაზმით იწყებთ, ოპტიმიზმით ხართ სავსე, თუმცა სიჩქარეში ბევრი რამე გეპარებათ, უამრავი ნიუანსის გათვალისწინება გავიწყდებათ და მერე გზადაგზა დაბრკოლებებად გხვდებათ. საერთო სურათს ხედავთ, მაგრამ დეტალებში იჭრებით ხოლმე. კარგი თეორეტიკოსი და ცუდი პრაქტიკოსი ხართ. როცა პრობლემები გეწყებათ, ან საქმე რუტინული ხდება, გარბიხართ, თუმცა მერე შეიძლება ისევ უკან დაბრუნდეთ.

 

გიყვართ გართობა, ახალი ადამიანების გაცნობა, სხვადასხვა იდეებზე მსჯელობა, თუმცა კამათში ხშირად ზედმეტი მოგდით. როცა ვინმე არ გეთანხმებათ პიროვნულ შეურაცხყოფად იღებთ – როგორ, თქვენ შეიძლება ცდებოდეთ და სხვა იყოს მართალი? ,,აბა, მე ვიტყუები?“ – ეს როგორ გაგიბედეს. არადა, ვიცი რომ თქვენს აღშფოთებას გამოვიწვევ, მაგრამ მაინც გეტყვით – თქვენი არგუმენტირებული მსჯელობა კრიტიკას ვერ უძლებს (განსაკუთრებით ქალწულების, ან ტყუპების კრიტიკას). ბევრს მიედ მოედებით, თანმიმდევრობა გაკლიათ და ხშირად საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდიხართ.  ეს იმის ბრალია, რომ არ უღრმავდებით საგანს და უბრალოდ დარწმუნებული ხართ იმაში, რისიც ბრმად გჯერათ.

 

თავს ტემპერამენტიანობით იმართლებთ ხოლმე, მიგაჩნიათ რომ ცხელსისხლიანი და იმპულსური ხართ. ეს მართლაც ასეა, თუმცა ეცადეთ ცოტა ტაქტი შეიძინოთ და აზრიდან ნუ გადაიყვანთ ახლობლებს. მერწმუნეთ, არავინ რჩება  აღფრთოვანებული თქვენი დიდაქტიკური როლით და მორალის კითხვით. თანაც თუკი თავს უფლებას აძლევთ ილაპარაკოთ მწარე სიმართლე და ლანძღოთ კიდეც ვინმე, თქვენ მიმართ კრიტიკის მოსმენაც უნდა შეგეძლოთ. იუმორის გრძნობა გაცილებით უკეთესი გაქვთ და მხიარულება უფრო მეტად გიხდებათ – სჯობს ამ კუთხით განვითარდეთ.  ღმერთმა ქნას, მერკური უფრო თავშეკავებულ ნიშანში გქონდეთ, ცოტა მაინც გააწონასწორებს ამ მაჩვენებელს.

 

სხვა მხრივ ძალიან პატიოსანი, გულწრფელი და გულუხვი ადამიანი ბრძანდებით. გაქვთ მაღალი იდეალები და თავგადასავლებისკენ მიგიწევთ გული. სექსის შესახებ თავისუფლად საუბრობთ, ძალიან გულახდილი ხართ. ყველაფერი გარკვეული გირჩევნიათ ვერ იტანთ ჩახლართულობებს. პირდაპირ საქმეზე გადადიხართ. უცებ იწყებთ, უცებ ამთავრებთ და სხვა საქმეზე გადადიხართ.

 

კაცები, ასეთი მარსით, შთაბეჭდილების მოხდენას მჭევრმეტყველებით, გულკეთილობით, შესანიშნავი იუმორით და გულწრფელობით ცდილობენ. პარტნიორს წინსვლაში და განვითარებაში ეხმარებიან. რაც შეეხება ქალებს, საწინააღმდეგო სქესის ისეთი წარმომადგენლები იზიდავთ, რომლებიც მის პიროვნულ ზრდას შეუწყობენ ხელს. ათლეტური აღნაგობის, ოპტიმისტი მამაკაცები მოსწონთ, შეიძლება თანამდებობის პირებიც, უცხოელებიც.  ერთია – დიდი გეგმები უნდა ჰქონდეს.

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია