მარსი კირჩხიბში

    0
    6527

    მარსი ჩვენი მოქმედების სტილზე აგებს პასუხს. როგორ ვიბრძვით იმისთვის, რაც გვსურს. იგი ჩვენი აგრესიული ინსტინქტებია, სექსუალობა და დრაივი.

    ეს პოზიცია პასიურ აგრესიაზე მიუთითებს. თქვენ პირდაპირ კონფრონტაციას ერიდებით და სანამ მოქმედებაზე გადახვიდოდეთ, ამოწმებთ უსაფრთხოების ყველა ზომა თუ არის დაცული. ბევრს ამის გამო შენელებულ კადრად ეჩვენებით. შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მორცხვი ხართ.

    ზოგადად,  ამ მარსს სუსტის რეპუტაციაც აქვს, თუმცა  ეს მთლად  ასეც  არ არის. კირჩხიბიც კარდინალური ნიშანია, საკმაოდ აქტიური.  მისი დევიზია  – საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. თქვენ უბრალოდ გარანტიები გჭირდებათ. ,,გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო“. ენერგიას შავი დღისთვის ზოგავთ და თუ მართლა საფრთხე დაგემუქრათ, ეგებ სხვა ნიშნებზე მეტი ბრძოლისუნარიანობაც აღმოგაჩნდეთ.

    გაქვთ მდიდარი ფანტაზია და ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ უფრო მეტად ოცნებობთ, ვიდრე რამეს აკეთებთ. გიყვართ წუწუნი. მსხვერპლის როლში ყოფნა. მოქმედებთ ემოციურად, განწყობის მიხედვით და გულის კარნახით, ამიტომ თქვენი პროგნოზირება ისეთივე შეუძლებელია, როგორც თქვენი ცვალებადი ხასიათის. აგრესიას არაპირდაპირ გამოხატავთ. თავს ხშირად იკატუნებთ და ნიადაგს სინჯავთ – ღირს თუ არა შეტევაზე გადასვლა. ჩხუბობთ იმასთან, ვისთანაც გაგდით, სხვა შემთხვევაში კი ემოციურ ზეწოლას ახდენთ. მანიპულატორობას არ ერიდებით. განაწყენებულის და შეურაცხყოფილის როლს ირგებთ და ცდილობთ თუნდაც თავის შეცოდების გზით სინდისის ქენჯნა გააღვიძოთ თავდამსხმელში.

    კარგი იქნება თუ ხელოვნებით დაკავდებით ; ცეკვა, მუსიკა… გემრიელი საჭმელების მომზადება – ამით ნამდვილად განიტვირთებით.

    ამ მარსის მქონე მამაკაცებს შეუძლიათ თავიც კი დაკარგონ სიყვარულის გამო. სანამ სატრფო გარანტიებს მისცემდეს ირგვლივ უვლიან და ნიადაგს ამოწმებენ. აიძულებენ პირველი ნაბიჯი მან გადადგას და როცა ხელში ჩაიგდებენ, მერე თავით ეშვებიან გრძნობებში. ერთგულები საყვარელ ქალს არაფრის დიდებით არ თმობენ. ბავშვივით ელოლიავებიან, უფრთხილდებიან და თავს ევლებიან.  არიან რომანტიკულები. კარგად ესმით ქალების. პირველ ადგილზე ყოველთვის ოჯახი დგას მათთვის. უყვართ საოჯახო საქმეების კეთება, საჭმლის მომზადება…

    ქალებს ასეთი მარსით, რბილი ხასიათის, მზრუნველი და მესაკუთრე მამაკაცები მოსწონთ. ისინი პარტნიორში დამცველს ეძებენ, ემოციურ საყრდენს. შეიძლება ეგონოთ, რომ ძლიერი და თავდაჯერებული კაცები მოსწონთ, მაგრამ სუსტი და თანაგრძნობას მოწყურებული პარტნიორები შერჩებათ ხელში ყოველთვის, რადგან ქვეცნობიერ დონეზე სწორედ ასეთი ტიპაჟებისკენ მიუწევთ გული. ისინი პარტნიორულ  ურთიერთობაში დედიკოს როლში არიან.  მოსწონთ დომინირება, თუნდაც ვერ ხვდებოდნენ ამას. თავდაპირველად შესაძლოა დამთმობი და დამყოლი გოგონაც ითამაშონ, თუმცა შემდგომ თანაცხოვრებაში საკმაოდ მტკიცე ხასიათს და პრაგმატულობას ავლენენ.

    სექსში ინიციატორი იშვიათად ხართ. განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. იმისთვის რომ გაიხსნათ უსაფრთხო გარემო და ნდობა  გჭირდებათ. ყველა შემხვედრთან ვერ დაწვებით. სექსუალურ ლტოლვასთან ერთად გარკვეული ემოციებიც გებადებათ. ,,სექსის დროს როგორ შეიძლება პარტნიორი არ გიყვარდეს?“ – ამ მარსს ასეთი შეკითხვის დასმაც შეუძლია, გრძნობები და ფიზიკური ლტოლვა ისეა ჩახლართული ერთმანეთში.  როცა იხსნება, იმდენად სურს პარტნიორისთვის სიამოვნების მინიჭება, ყველაფერზე წამსვლელია. აკვირდება, სწავლობს და იმახსოვრებს რა მოსწონს მას. აქვს მდიდარი ფანტაზია, არის ერთგული და მგრძნობიარე. ბევრ ინდივიდს ასეთი მაჩვენებლით აღაგზნებს იმაზე ფიქრი, რომ ბავშვი შეიძლება გააჩინოს.

    გეშინიათ გულგრილობის. თქვენი მზრუნველი და ყურადღებიანი ბუნება მხოლოდ მათთან მჟღავნდება, ვინც ძალიან გიყვართ. სხვების მიმართ ფრიად ინდიფერენტული ბრძანდებით.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია