მარსი თევზებში

0
17446

მარსი ჩვენი მოქმედების სტილზე აგებს პასუხს. როგორ ვიბრძვით იმისთვის, რაც გვსურს. იგი ჩვენი აგრესიული ინსტინქტებია,  სექსუალობა და დრაივი.

მარსი თევზებში ძალიან უცნაური პოზიციაა, რადგან ეს ეგოისტი და პირდაპირი ვერძის მმართველი პლანეტა მიმართულებადაკარგულ, გარკვეული და ჩამოყალიბებული მიზნების არ მქონე ნიშანში ხვდება. თქვენ თვითგამოხატვა გიჭირთ, არ გაგაჩნიათ მტკიცე და ურყევი ნება და უმეტესწილად დინებისთვის მიყოლა გახასიათებთ.

მოწოლილი აგრესიის გამო გამუდმებით თავს იდანაშაულებთ, ბრაზს ცრემლებად, ან გულში ჩაკლულ წყენად გარდაქმნით (თუმცა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ შესაძლოა ეს ვერ მოახერხოთ და უჩვეულოდ აგრესიულიც გახდეთ), ხართ პასიური და იმის ნაცვლად,  რომ ცხოვრების მართვის სადავეები ხელში აიღოთ, იბრძოლოთ თვითდამკვიდრებისთვის და მოვლენები თქვენს კონტროლს დაუქვემდებაროთ, ელოდებით როდის მოხდება თავისით რამე.

გაურბიხართ ყოველდღიურობას, დამთრგუნველ რუტინულ ყოფას. ალტრუისტი ხართ, იდეალისტი. ხშირად ზუსტად არ იცით რა გსურთ, თუმცა ძალიან კეთილგანწყობილი კი ბრძანდებით. მიმართულებას ხშირად იცვლით, მოქმედებთ განწყობილების შესაბამისად. ენერგიის ძირითად ნაწილს სხვების დასახმარებლად, ან შესაძლოა სრულიად უაზროდაც  ხარჯავდეთ. პერიოდულად ენერგიის მოზღვავების გამო უჩვეულოდ აქტიურიც შეიძლება გახდეთ, რომელსაც მერე სრული ინერტულობის პერიოდები შეცვლის.

ასეთი ხასიათით სტანდარტული სამსახურის პოვნა რთულია, ამიტომ კარგი იქნება თუ ხელოვნებაში ცდით ბედს. მარსი თევზებში – შემოქმედებითი ენერგიაა, აგრესიისგან დაცლის საუკეთესო გზა – არტი. ამ მაჩვენებლით ბევრი მუსიკოსი იბადება. მუსიკის მიმართ იმდენად მგრძნობიარე ხართ, მთლიანად შეუძლია თქვენი განწყობილების შეცვლა და ამა თუ იმ ქმედებაზე მომართვა.

შესანიშნავი გამოსავალი იქნება ცურვაც.

მიზნებისკენ გამუდმებით შემოვლით გზებს ეძებთ, გაკლიათ თავდაჯერება, თუმცა შესანიშნავი ინტუიციის წყალობით სწორ გზებს პოულობთ. იქცევით თქვენი იდეალების შესაბამისად. ითვალისწინებთ ყველას და ყველაფერს. ხართ მოქნილი, შეგიძლიათ მანევრირება. ხშირად ივსებით სიბრალულის გრძნობით და ცდილობთ საქმით გამოუცხადოთ თანაგრძნობა ადამიანებს.

პარტნიორულ ურთიერთობებში უფრო სულიერებას დაეძებთ, ვიდრე ფიზიკური ვნებების დაკმაყოფილებას. ხართ ძალიან მგრძნობიარე და რომანტიკული. სანამ მეორე ადამიანს ბოლომდე არ ,,იგრძნობთ“ ფრთხილობთ და გულის გადაშლა გიჭირთ. თავს არიდებთ ინიციატივის გამოჩენას. ახალ ურთიერთობებს უფრთხით, რადგან ემოციური ტკივილის გეშინიათ. სექსი თქვენთვის სიყვარულის ნაწილია. მძლავრი ემოციების მოზღვავებისას ადვილად იღგზნებით და ფანტაზიას გასაქანს აძლევთ.  მოგწონს მედიტაციური სექსი,  ტანტრა. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი ალკოჰოლის, ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას იღებთ ამ პროცესით მაქსიმალურ სიამოვნებას.

მამაკაცები, ასეთი მაჩვენებლით, საკმაოდ პასიურები არიან, დელიკატურები, რბილები და მომხიბლავები. კარგად ესმით ქალების. მოსწონთ მათ საზოგადოებაში ტრიალი და მსუბუქი, რომანტიკული ფლირტი.

ქალებს თავდაჯერება აკლიათ, რის გამოც სექსუალური თვითგამოხატვის დროს ცოტა უხერხულად გრძნობენ თავს. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, მოსწონთ ცოტათი უბედური, დეპრესიული, მამაკაცები ღრმა სულიერი სამყაროთი და ამაღლებული იდეალებით. იზიდავთ ხელოვანი და შემოქმედებითი ტიპაჟები.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია