მარსი მერწყულში

0
16330

მარსი ჩვენი მოქმედების სტილზე აგებს პასუხს. როგორ ვიბრძვით იმისთვის, რაც გვსურს. იგი ჩვენი აგრესიული ინსტინქტებია,  სექსუალობა და დრაივი.

ცოტათი რთულია მიხვდე, რა ამოძრავებს მარსით მერწყულს, თუმცა ამ როლში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს –  თქვენ მოგწონთ ადამიანების გაკვირვება. საქმის კეთების ტრადიციული, კარგად დაცდილი მეთოდები საშინლად მოსაბეზრებელია თქვენი ორიგინალური და შეიძლება ითქვას უნიკალური პერსონისთვის. მუდმივად თავიდან იგონებთ ველოსიპედს. ყველაფერს ახლებურად, თქვენს ჭკუაზე  აკეთებთ.

როცა საქმე ზოგადსაკაცობრიო თემებს ეხება,  ძალიან პროგრესული, მიმღები და გონებაგახსნილი ხართ, თუმცა პიროვნულ დონეზე ისეთი სიჯიუტის გამოვლენა შეგიძლიათ, ვირიც კი გზას დაგითმობთ.

ვერ იტანთ ჩარჩოებს და მუდამ ილაშქრებთ შეზღუდვების წინააღმდეგ. გაქვთ რევოლუციური იდეები. პირველივე ნაცნობობისას  შესაძლოა არ გამოავლინოთ, მაგრამ შემდგომში საკმაოდ ექსცენტრიკული გამოხდომებიც შეიძლება გახასიათებდეთ.

დაუგეგმავად უკეთესად მოქმედებთ, რადგან იმდენად ვერ იტანთ წინასწარ გაწერილ ნაბიჯებს, თქვენივე შერჩეული გზიდანაც კი შეგიძლიათ გადახვევა. კატეგორიულად არ გსურთ ჩვეულებრივი და პროგნოზირებადი იყოთ.  ,,გიჟი ხარ“ – თქვენთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია. ვერ იტანთ სიტყვა ,,ნორმალურს“ და ჭკუა გეკეტებათ სიურპრიზებზე.

გაქვთ უზარმაზარი მენტალური და ინტელექტუალური ენერგია. როცა რამე პროექტს იწყებთ, მისი განხორციელების უამრავ  სხვადასხვა ტექნიკას იყენებთ. პერიოდულად გაფანტულობაც გჩვევიათ, თუმცა დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიგყავთ (თუ რუკაში რამე სხვა დაზიანებები არ არის).

აგრესიულობის ნატამალი არ დევს თქვენში. ეს მარსის ყველაზე ჰუმანური პოზიციაა. აშკარად არასოდეს დომინატობთ. ფიზიკური ანგარიშსწორების სურვილი იშვიათად გიჩნდებათ (თუ რამე სასწაული არ ხდება რუკაში),  მაგრამ საშინლად თავისნათქვამა ხართ და რაც გინდათ იმის მისაღწევად, გონიერება და ეშმაკობა ყოველთვის გყოფნით. ყველაფერთან ერთად კრეატიულიც ხართ. ახლა წარმოიდგინეთ ამ ყველაფრის კომბინაცია:  გამჭრიახობა, მოქნილობა, ნებისყოფა, უშრეტი ფანტაზია და თანაც საშინელი სიჯიუტე – როგორ შეიძლება თქვენ რამე არ გამოგივიდეთ? აი, ასე ლომი მარსისგან განსხვავებით ზედმეტი აურზაურის გარეშე ხშირად ლიდერად იქცევით ხოლმე. თქვენს გასაკეთებელ საქმეს სხვები აკეთებენ, რადგან თქვენგან იდეების გენერატორი უკეთესი გამოდის, ვიდრე შემსრულებელი.

გიჟდებით ექსპერიმენტებზე. ხართ კარგი რეფორმატორი. საკუთარი აზრების სხვისთვის თავზე მოხვევა კი გიყვართ (განსაკუთრებით მაშინ, თუ მიგაჩნიათ, რომ ამ საკითხში უკეთ ერკვევით), მაგრამ ამას აგრესიული მეთოდებით არ ცდილობთ, უფრო შემოქმედებით უნარებს იყენებთ, თუკი, რაღა თქმა უნდა, რუკაზე სხვა მაჩვენებლები არ აბათილებენ პუნქტს.

თქვენი ყველაზე დადებითი თვისება ისაა, რომ ნებისმიერი სახის ინდივიდუალობას პატივს სცემთ, თანასწორად აღიქვამთ ყველა ადამიანს. გარშემომყოფებს კუთვნილ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას აძლევთ. თავადაც გჭირდებათ სივრცე იმისთვის რომ იარსებოთ, ისუნთქოთ…. გარკვეულ დისტანციას ნებისმიერ ურთიერთობაში ინარჩუნებთ, ან თუ ვერ ინარჩუნებთ, ძალიან გაწუხებთ. პარტნიორს ზედ არასოდეს იწებებთ.

სექსშიც ექსპერიმენტები გხიბლავთ, ხართ ცვალებადი და გიყვართ პარტნიორის გაოცება,  თუმცა ვინაიდან ეს უფრო მენტალური მარსია, ფიზიკური კონტაქტისას ემოციური განცდების სიღრმე ხშირად არ გყოფნით. შესაძლოა გიჭირდეთ უადგილო ფიქრების თავიდან ამოგდება, პროცესში მთელი არსებით ჩართვა, მოდუნება.

კაცი, ასეთი მარსით, პარტნიორულ ურთიერთობაში უფრო მეტად მეგობარია, ვიდრე საყვარელი. თავს ორიგინალურობით, გამომგონებლობით, იუმორით, მარტივად – ინტელექტუალური შესაძლებლობებით აწონებს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს. ერიდება სიახლოვეს, ხანგრძლივ ურთიერთობებს და პასუხისმგებლობებს გაურბის.

რაც შეეხება ქალებს, არ ხიბლავთ ქალის ტრადიციული როლი, იზიდავთ მამაკაცები, რომლებიც გენდერული თუ სხვა  თანასწორობის მომხრენი არიან და იზიარებენ მათ ლიბერალურ ფასეულობებს, ღირებულებებს. მოსწონთ რაღაცით გამორჩეული, არასტანდარტული, უცნაური, ექსტრავაგანტული ტიპაჟები, რომლებიც თავიანთი ორიგინალურობით მიიქცევენ მათ ყურადღებას. ფიზიკურ მონაცემებზე დიდ ყურადღებას ინტელექტუალურ მხარეს აქცევენ.

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია