მზე მშვილდოსანში

    0
    15052

    მზე ჩვენი ეგოა, ჩვენი ცნობიერი, ნება, დრაივი… იდენტობა, რომელთანაც ჩვენ საკუთარ თავს ვაიგივებთ. ის არის ჩვენი სასიცოცხლო ენერგიაც. მზე ჩვენს რუკაზე ,,ბოსია“ და სწორედ ამიტომ ჩვენც, როდესაც გეკითხებიან ,,ზოდიაქოთი რა ნიშანი ხარ?“,   მზის ზოდიაქოს ნიშანს ვპასუხობთ. ის რომ  მშვილდოსანი ხარ,  ნიშნავს, რომ შენი დაბადების მომენტში მზე მშვილდოსნის თანავარსკვლავედში იმყოფებოდა. თქვენს ხასიათს, რა თქმა უნდა, მთლიანად მზის ნიშანი არ განსაზღვრავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან თუ არა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენი ფსიქოტიპის შექმნაში.

    დაუღალავი, მხიარული მეგობრული, მზით მშვილდოსანი ინდივიდები ძალიან აქტიური ადამიანები არიან, სულ დაკავებული და სულ რაღაცით გართული. კენტავრი ადამიანის და ცხოველის სინთეზია და ამ ნიშანშიც ძალიან საინტერესოდ არის შერწყმული სულიერება და ცხოველური ინსტიქტები.

    თქვენ ჭეშმარიტად ფილოსოფოსი ხართ.  გიჟდებით ბრტყელ-ბრტყელ საუბარზე. სხვადასხვა თეორიების გაცვლა-გამოცვლაზე. სხვებისთვის რჩევების მიცემაზე, ჭკუის დარიგებაზე.  ითხოვთ პატივისცემას. გინდათ რომ სამაგალითო იყოთ. სხვების გზაზე დაყენება ხშირად გაქვთ განზრახული, თუმცა შეცდომებსაც ადვილად პატიობთ მათ… საკუთარ თავსაც.  თქვენთან ურთიერთობა მარტივია. მხიარული, ხუმარა, იუმორით სავსე, ნებისმიერი სქესის, რასის, ეროვნების თუ ტიპის ადამიანთან ახერხებთ მეგობრობას. გიყვართ თავისუფლება და ატანა არ შეგიძლიათ შეზღუდვებისა და რუტინის.

    ქარიზმატული ხართ, მომხიბლავი ( თუნდაც ლამაზი არ იყოთ), გულუხვი და ხელგაშლილი. როგორც არ უნდა გიჭირდეთ, სხვები ვერაფერს შეგატყობენ. უბედური ადამიანის პოზაში ყოფნა თქვენი სტილი არ არის. თქვენი ოპტიმიზმი გადამდებია და ამის გამო თქვენთან ყოფნა სასიამოვნოა. ხალხი ბევრ რამეს გპატიობთ და უყვარხართ.

    უამრავი იდეა გაქვთ, აზროვნების ფართო დიაპაზონი.. გულღია, გონებაგახსნილი, თუმცა ცოტა გაფანტული და ქაოტური ადამიანი ბრძანდებით. კარგად აღიქვამთ მთლიანობას, განზოგადებას ახერხებთ უმაღლეს დონეზე, მაგრამ დეტალები გეპარებათ. ზოგადის დეტალებამდე ჩაშლას შესაძლოა ვერაფრით ახერხებდეთ. მიზანში არტყამთ, მაგრამ ესეც რაღაც ინტუიციურად, ინსტიქტების დონეზე. თანმიმდევრობა გაკლიათ და ხშირად საკუთარ თავთან მოდიხართ წინააღმდეგობაში, რასაც თავად ვერაფრით ამჩნევთ და არაფრით აღიარებთ. ზოგადად, კაცმა რომ გკითხოთ, როდის დაუშვით შეცდომა ამ ბოლო დროს, ვერაფრით გაიხსენებთ, რადგან საკუთარი შეცდომების აღქმა და დამახსოვრება გიჭირთ.

    გაინტერესებთ რელიგია, სხვადასხვა კულტურები, სწავლებები (თუკი მზე დაზიანებულია, შეიძლება ფანატიკოსი და თქვენი სიმართლის სხვებისთვის თავს მოხვევით შეპყრობილი ტიპაჟიც შეიძლება ბრძანდებოდეთ) უსაშველოდ ცნობისმოყვარე ხართ. გამუდმებით სწავლობთ, გამუდმებით სიახლეებს დაეძებთ. ყველაში და ყველაფერში შეგიძლიათ დაინახოთ კარგი და საინტერესო. კითხვაც გიყვართ, თუმცა ოთხ კედელში გამომწყვდეულს წიგნებიდან სწავლას ცხოვრებასთან, ხალხთან უშუალო კონტაქტით სამყაროს შემეცნებას ამჯობინებთ. ამიტომ ბევრი თქვენგანი მოგზაურია, ან მოგზაურობის იდეით შეპყრობილი მაინც. მაწანწალა – რომელიც სულ სადღაც წასვლაზე ოცნებობს. გაქვთ შესანიშნავი ნიჭი – დატკბეთ სიცოცხლით, ისარგებლოთ მისი ყოველი წუთით. გიყვართ ,,ჭამა-სმა დიდად შესარგი“…  არ უფრთხილდებით ჯანმრთელობას, მაგრამ მაინც ჯანმრთელი ხართ (თუმცა ეს უფრო რუკაზეა დამოკიდებული, იგულისხმება, რომ სასიცოცხლო ენერგია გაქვთ დიდი).

    თქვენი სუსტი მხარე ის არის, რომ ზედმეტად ოპტიმისტი ხართ, ზედმეტად ენდობით ადამიანებს და მაშინაც იღბლის იმედად ხართ, როცა არ უნდა იყოთ. ეს ერთი მხრივ კარგია, გამუდმებით არ ადანაშაულებთ საკუთარ თავს წარუმატებლობაში და თანაც იუპიტერის წყალობით მართლაც ხშირად გიმართლებთ, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან გათამამებაც  არ ღირს… სატურნს არ სძინავს. სიფხიზლე არც თქვენ გაწყენდათ.

    კიდევ ერთი პრობლემა ზედმეტი გულახდილობაა. ყველაზე მეტად ადამიანების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებით ერთობით.  გულწრფელობას უტაქტობაში ხშირად გითვლიან. არადა უბრალოდ სიმართლე თქვით, რა უნამუსობაა, არა? მოდით, ვაღიაროთ, რომ სიმართლის თქმასაც სჭირდება ფორმა. ეცადეთ, უფრო მეტად დიპლომატიური იყოთ, ცოტა დაუბლაგვეთ მახვილი პირი თქვენს ისრებს, თორემ ძალიან მწარეა, თანაც შიგ გულში ახვედრებთ.

    აკონტროლეთ იმპულსები, ცოტა პასუხისმგებლობის გრძნობა გამოიმუშავეთ, თანმიმდევრულობა… თუკი გიმართლებთ, თავში ნუ აგივარდებათ, ზღვარი დაიცავით, ზომიერება.  ნუ გადაყვებით გართობას, ნუ აყვებით მხოლოდ ცხოველური ინსტიქტების დაკმაყოფილებას.  მთელ ცხოვრებას ფსონად ნუ ჩახვალთ და ყველაფერი იქნება გენიალურად.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია