მზე ქალწულში

    0
    15636

    მზე ჩვენი ეგოა, ჩვენი ცნობიერი, ნება, დრაივი… იდენტობა, რომელთანაც ჩვენ საკუთარ თავს ვაიგივებთ. ის არის ჩვენი სასიცოცხლო ენერგიაც. მზე ჩვენს რუკაზე ,,ბოსია“ და სწორედ ამიტომ ჩვენც, როდესაც გეკითხებიან ,,ზოდიაქოთი რა ნიშანი ხარ?“,   მზის ზოდიაქოს ნიშანს ვპასუხობთ. ის რომ  ქალწული ხარ,  ნიშნავს, რომ შენი დაბადების მომენტში მზე ქალწულის თანავარსკვლავედში იმყოფებოდა. თქვენს ხასიათს, რა თქმა უნდა, მთლიანად მზის ნიშანი არ განსაზღვრავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან თუ არა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენი ფსიქოტიპის შექმნაში.

    ქალწულების შესახებ თუ ასტროლოგების მოსაზრება წაგიკითხავთ, შეამჩნევდით რომ სისუფთავეზე შეშლილი, პედანტი ადამიანის ტიპაჟს ხატავენ, თუმცა თანამედროვე ქალწულებს შორის ასეთი ტიპური შემთხვევა იშვიათად გვხვდება. ქალწულმა დროთა განმავლობაში ევოლუცია განიცადა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ,,წინაპრისგან“ ბევრი თვისებაც შემორჩა. ის ძალიან შრომისმოყვარე, სწავლას მოწყურებული ინდივიდია, რომელსაც ყველაფრის საკეთებლად სჭირდება ინსტრუქცია და გამუდმებით საკუთარი თავის სრულყოფისკენ ისწრაფვის.

    ერთი შეხედვით მოკრძალებული და მორცხვი ადამიანის შთაბეჭდილებას შეიძლება ტოვებდეთ, თუმცა ეს მხოლოდ ზედაპირულად. თავდაჭერილი ურთიერთობის საწყის ეტაპზე შეიძლება იყოთ, თორემ მერე, როცა მოშინაურდებით, ენას ვერ გაგაჩერებინებთ ადამიანი. მეტიც, ,,ენა რომ არ ჰქონდეს ყვავი წაიღებდაო“, გაგიგიათ გამონათქვამი? თქვენთან კამათი არ ღირს, ნებისმიერს მიიმწყვდევთ კუთხეში.

    ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე მეტს ქალწული შრომობს, თუმცა ძირითადად ყველაზე რთული, საპასუხისმგებლო და ამავდროულად დაუფასებელი საქმის კეთება უწევს – ეს არის მისი კარმული მისია. ტიპურ წარმომადგენლებში ხშირია ,,პატარა ადამიანის“ კომპლექსით დაბადებული ტიპაჟები. არიან ისეთებიც მეორე უკიდურესობაში რომ ვარდებიან – ,,მაინც ვერ ვიღებ ვერანაირ შედეგს და რა აზრი აქვს რომ ვაკეთო? ისე მაინც არ გამოდის, როგორც მინდა და  ხომ არ სჯობს საერთოდ მოვეშვა?“  ეს ამ მზის ყველაზე ცუდ გამოვლინებაში ინდივიდი ჭირვეული, წუნია, მუდმივად უკმაყოფილო ხდება, გულქვა და მეწვრილმანე, წუწუნა და მშიშარა… სხვებს უყენებს იმ მოთხოვნებს, რომლის შესრულებაც თავადაც არ შეუძლია.

    საუკეთესო ვარიანტში კი ყველაზე მეტი ამბიცია საკუთარ თავთან გექნებათ – მთავარია თვითონ იყოთ საკუთარი ნამუშევრით კმაყოფილი და სხვებისთვის რამის მტკიცებას არ დაიწყებთ. ქალწულებს არც უყვართ სცენაზე დგომა და ყურადღების მიქცევა, თუ რუკაში ცეცხლის სტიქიის გავლენა არ არის გამოკვეთილი.

    გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, რომლითაც ხანდახან სულ ტყუილად იტანჯავთ თავს. ხშირ შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა თავს დაირწმუნებთ მე არაფერ შუაში ვარო, მაინც განიცდით.

    ქალწულები ვორკაჰოლიკებიც არიან, მაგრამ შეიძლება თქვენ ასეთი სულაც არ იყოთ. მიუხედავად ამისა, თუკი ჯგუფი რამეს აკეთებს და თქვენ ჩართული არ ხართ, მშვიდად ვერ იგრძნობთ თავს და თუნდაც თავზე გეყაროთ საქმეები, კიდევ შეიძლება რამეს წაეპოტინოთ, სხვას წააშველოთ ხელი, მერე კი ნევროზითა და გადაღლილობით დაიტანჯოთ.

    გაქვთ პერფექციონიზმისკენ მიდრეკილება, როცა ზუსტად იმ შედეგს ვერ იღებთ, რასაც გეგმავთ, საკუთარ თავს მიიჩნევთ არასრულყოფილად. იმდენად გაქვთ ეს თვისება ხასიათში გამჯდარი და იმდენად გეშინიათ იმის რომ რაღაცას საკმარისად კარგად ვერ გააკეთებთ, შეიძლება თავსაც ირწმუნებდეთ, რომ თითქოს არ გადარდებთ, მაგრამ ეს საკუთარი თავის მოტყუების მცდელობა იქნება მხოლოდ. შინაგანად მაინც იღელვებთ და ინერვიულებთ ხოლმე. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არსებობს – სხვების საქმის კეთებას მოეშვით, ერთი პროფესია აირჩიეთ და ეცადეთ იქ სრულყოთ საკუთარი თავი.

    ხართ ძალიან ცნობისმოყვარე, გაქვთ მახვილი თვალი და დეტალების შემჩნევის უნარის წყალობით ადამიანების, საგნების თუ მოვლენების წაკითხვა შეგიძლიათ. მოგწონთ ანალიტიკური სამუშაო, თქვენი ტიპის ადამიანებისგან კარგი მკვლევარები დგებიან. წარმატებით შეგიძლიათ ნებისმიერი მოვლენის დეტალებამდე დაშლა და გაშიფვრა, იმდენად წარმატებით, რომ შეიძლება მთლიანი სურათის დანახვა გაგიჭირდეთ.

    ის ქალწულები, რომლებიც ზედმეტად არიან მოცული მატერიალური სამყაროთი და ყოველდღიურობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში ახერხებენ საკუთარი თავის გაცნობას, თუ სიმამაცე ეყოფათ ეს ყველაფერი ცოტა ხნით მაინც ავტოპილოტზე ჩართონ და დინებას მიყვნენ. უნდა ეცადოთ რაღაცეები ,,გაატაროთ“, შეეგუოთ რომ ყველაფერი ზუსტად ისე არ იქნება, როგორც გსურთ და ყველაფერს ლოგიკურად ვერ მიხვდებით. მიეცით თავს შეცდომების დაშვების უფლება და ნუ შეჭამთ ამის გამო. ნუ დარდობთ ყველაფერზე, ნუ განიცდით. რა საჭიროა შვებულებაში ყოფნის დროს იმაზე ფიქრი, რომ უამრავი საქმე დაგხვდებათ სამსახურში? რას მოგცემთ დარდი იმაზე, რომ მეილებზე გაქვთ პასუხი გასაცემი, მაშინ როცა ინტერნეტი არ გაქვთ? როცა ცუდად ხართ, კიდევ უფრო მეტად ართულებთ სიტუაციას ნერვიულობითა და ფაციფუცით.

    თქვენ არ გიყვართ, როცა ვინმე მზადების პროცესში, საქმის კეთების პროცესში გხედავთ, თავდაჯერება გაკლიათ, თუმცა როცა საქმე თქვენს ნაშრომს ეხება, სიამაყით ავსებასაც ახერხებთ. მოკლედ, იქნებ არც იმჩნევდეთ, მაგრამ ფიქრობთ, რომ თქვენი მეთოდები საუკეთესოა. ხშირად არც ცდებით.

    ხართ ერთგული, სხვებისთვის დახმარების ხელის გაწვდენაზე ორიენტირებული ადამიანი. თქვენს პიროვნებაში ინტელექტუალობისა და პრაქტიკულობის უცნაური შერწყმის გამო, ცოტა ცივადაც შეიძლება მიგიჩნევდნენ. მოგწონთ კომპლიმენტები, თუმცა ამით ვერავინ მოგთაფლავთ. თქვენ პატივისცემას და დაფასებას საქმით ითხოვთ და არა ცარიელი სიტყვებით, რადგან თავადაც ასე გამოხატავთ თავს.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია