მზე კირჩხიბში

    0
    13591

    მზე ჩვენი ეგოა, ჩვენი ცნობიერი, ნება, დრაივი… იდენტობა, რომელთანაც ჩვენ საკუთარ თავს ვაიგივებთ. ის არის ჩვენი სასიცოცხლო ენერგიაც. მზე ჩვენს რუკაზე ,,ბოსია“ და სწორედ ამიტომ ჩვენც, როდესაც გეკითხებიან ,,ზოდიაქოთი რა ნიშანი ხარ?“,   მზის ზოდიაქოს ნიშანს ვპასუხობთ. ის რომ  კირჩხიბი ხარ,  ნიშნავს, რომ შენი დაბადების მომენტში მზე კირჩხიბის თანავარსკვლავედში იმყოფებოდა. თქვენს ხასიათს, რა თქმა უნდა, მთლიანად მზის ნიშანი არ განსაზღვრავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან თუ არა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენი ფსიქოტიპის შექმნაში.

    კირჩხიბში ყველაზე ძლიერი თვითგადარჩენის ინსტიქტია, რომელიც არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ყველა საყვარელი ადამიანის დაცვას გაიძულებთ. თქვენი მამოძრავებელი ძალა, სწორედ ეს ინსტიქტია. გამუდმებით სანგრებს თხრით.

    იმდენად ადვილად მოწყვლადი ხართ, ადვილად ტრავმირებადი, შიგნით იშვიათად უშვებთ ვინმეს. საოცრად ფაქიზი შინაგანი სამყარო გაქვთ. თქვენი სული ნამდვილი ნაკრძალია, სადაც უცხო ფეხის ერთი არასწორი დადგმაც უკუქცევადი პროცესების კასკადს იწვევს. სიფრთხილეს თავი არ სტკივა. თქვენც გარშემო კაატინგა შემოირტყით, რომელში შესვლის ნებართვასაც თითქმის არასოდეს გასცემთ, ძალით კი ვერავინ აღწევს.

    ამბობენ, თვალები სულის სარკეაო და თქვენ ამ გამოთქმის ნათელი დადასტურება ხართ. საოცრად ღრმა და მეტყველი თვალები გაქვთ, ძირითადად წყლიანი და საოცრად სევდიანი. მათში იმდენი იდუმალებაა, იმდენი ამოცანა… მათში მთელი სამყაროა, მთელი გალაქტიკაა პატარ-პატარა სამყაროებით.

    ხასიათი მთვარის ფაზებივით გეცვლებათ.  შეგიძლიათ იყოთ უზომოდ მხიარულიც და უსაშველოდ მელანქოლიურიც. საშინლად ემოციური და მგრძნობიარე ადამიანი ბრძანდებით, რომელიც სულში ხელების ფათურს ვერ იტანს. ერთდროულად ძალიან ცვალებადიც ხართ, მოუსვენარიც და თანაც მიჯაჭვულობებიც გჩვევიათ. ემოციური დამოკიდებულებები ხშირად გიჩნდებათ. ეჩვევით და დათმობა გიჭირთ. ვერ იტანთ განშორებებს და რა მაწანწალაც არ უნდა იყოთ, სახლში დაბრუნებისას, მაინც რაღაცნაირად სიმშვიდის განცდა გეუფლებათ.

    არ შეიძლება კირჩხიბთან არ ვახსენოთ მისი გასტრონომიული ინტერესებიც. გუდმენი წერდა, კირჩხიბი ბედნიერი მაშინ არის, როცა მაცივარი სავსე აქვსო. გურმანი ხართ… შესაძლოა კუროსავით ბევრს არც სჭამდეთ, მაგრამ სავსე მაცივარი – უსაფრთხოებაა, გარანტია… ,,პური ჩვენი არსობისა“…. თქვენი სახლი ხომ თქვენი ციხესიმაგრეა, ციხესიმაგრე კი საკვების, მარაგის გარეშე, ციხესიმაგრე არ არის…. გჭირდებათ საყრდენი, ფესვები, უსაფრთხოება. ეძებთ გარემოს, სადაც დაცულად იგრძნობთ თავს, ამიტომ ახლობლებს შორის, ოჯახურ გარემოსა და მშობლიურ სივრცეში უფრო ბედნიერი ხართ, ვიდრე ახალ გაცნობილ ადამიანებთან. ხალხმრავალ ადგილებს  სიმყუდროვეს არჩევთ.

    სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე მიიჩნევა ასტროლოგიაში კირჩხიბი ოჯახის, სამშობლოს, ისტორიის მცველის სიმბოლოდ. თქვენ პატივს სცემთ წინაპრებს, წარსულს… გიყვართ ანტიკვარები, სუვენირები, ფოტოები… ყველაფერი რაც მოგონებებს აღძრავს.

    შესაძლოა იმდენად ძლიერი მეხსიერება გქონდეთ, დეტალების დონეზეც კი იხსენებდეთ ფრაგმენტებს ღრმა ბავშვობიდან. შესაძლოა მედიუმური უნარებიც გქონდეთ – სხვა ადამიანებს გრძნობდეთ. შესანიშნავი ინტუიციის წყალობით, ყოველგვარი ფაქტების გარეშე ,,იცით“ ვინ რას წარმოადგენს, ვის რა უდევს შიგნით. თქვენ ასე, ,,უმიზეზოდ“ შეგიძლიათ არ გაგიჩნდეთ ან გაგიჩნდეთ ვინმესთან ნაცნობობის სურვილი, რადგან ურთიერთობაში შესვლამდე გექმნებათ წარმოდგენა. დანახვისთანავე გიჩნდებათ სიმპატიები, ან ანტიპატიები და როგორც წესი, იშვიათად სცდებით პირველ შთაბეჭდილებაში.

    გაქვთ თვითგამოხატვის პრობლემა. ხშირად არაადეკვატურად წარმოაჩენთ საკუთარ თავს. მიუხედავად მზრუნველი ბუნებისა, ცოტა უხასიათოს და უჟმურის რეპუტაციაც კი შეიძლება გქონდეთ, თუმცა ეს ნაწილობრივ რუკის დანარჩენ ასპექტებზეა დამოკიდებული.

    თქვენი უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ქვეცნობიერ დონეზე საზოგადოებრივი აღიარებისკენ, სტატუსისკენ ისწრაფვით, თუმცა შესაძლოა ამის პოტენციალი არ გქონდეთ, ამიტომ უკეთესი იქნება თუ ისევ შინაგან სამყაროზე ორიენტირდებით. გამოიყენეთ თქვენი ფსიქოლოგიური ნიჭი. თქვენ ხომ ყველაზე კარგი მსმენელი ხართ და თანაც ერთი ჯადოქრობა მუდამ თან გდევთ – როცა ვინმე საკუთარ პრობლემებზე გესაუბრებათ, თქვენ შეიძლება არაფერი თქვათ, მაგრამ ის ადამიანი თავად მივიდეს პრობლემის გადაჭრის გზამდე.

    საოცრად ემპათიური ხართ, მიწებებული, კირჩხიბი დედობრივი მზრუნველობის სიმბოლოცაა, მაგრამ ამავდროულად საშინლად გაუცხოება შეიძლება გემართებოდეთ. პარადოქსია, არა? დღეს პატარა რამეზე პანიკაში ვარდებით, ისტერიკას აწყობთ, ცრემლებს აღვარღვარებთ, გულს იხეთქავთ, ხვალ კი შეგიძლიათ უცებ გამოეთიშოთ ყველაფერს, ჩაკეტოთ ყველა არხი, შეძვრეთ ნაჭუჭში და შექმნათ ილუზია, რომ თითქოს არაფერს გრძნობთ, ვერაფერს ხედავთ, არაფერი იცით… რაა? რამე ხდება? მე რა შუაში ვარ? საერთოდ ვინ ხართ? რატომ უნდა მადარდებდეს ეს ყველაფერი? – ეს თავდაცვაა… ირგვლივ ყველაფერი ინგრევა თქვენ კი თქვენს ბაკანში შეყუჟულხართ, ყურებში ბამბები ჩაგიდიათ და თვალები გაქვთ დახუჭული…არ იღებთ ინფორმაციას, უარს აცხადებთ აღქმაზე… იმიტომ რომ ფიქრობთ ამის გულთან მიტანა გაგანადგურებთ…

    რა ხდება როცა თავს გეხმიან? პირველი რეაქცია ძირითადად უკანდახევაა, რადგან ჯერ ყველაფერი კარგად უნდა შეისწავლოთ და მობილიზდეთ…  თუმცა ეს მეტწილად მაინც იმ კედლების სიმყარეზეა დამოკიდებული, გარშემო რომ იშენებთ ბავშვობიდან… გძულთ  უხეშობა, პირველი შეტევაზე იშვიათად გადადიხართ, მაგრამ თუკი ცუდად შეგეხოთ ვინმე,  ეკლებზე აუცილებლად შეახევს ხელს..

    შესაძლოა მანიპულატორობის ხელოვნებასაც ფლობდეთ და თავის მსხვერპლად გამოყვანის, თავის შეცოდების გზითაც კი აღწევდეთ საწადელს. ეს უკვე განვითარების დონეზეა დამოკიდებული, თუმცა პირდაპირ კონფრონტაციას რომ ერიდებით, ეს ფაქტია.

    საერთო ჯამში, ძალიან გულითადი ადამიანი ხართ და თქვენ გვერდით ყოფნაც ძალიან სასიამოვნოა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კარგ ხასიათზე ბრძანდებით. შეიძლება ფხუკიანი, ბუტია და ცოტა ბუზღუნაც ხართ, მაგრამ სამაგიეროდ ვინც გიყვართ იმ ადამიანებს სულს ანაცვალებთ.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია