მზე ტყუპებში

    0
    14989

    მზე ჩვენი ეგოა, ჩვენი ცნობიერი, ნება, დრაივი… იდენტობა, რომელთანაც ჩვენ საკუთარ თავს ვაიგივებთ. ის არის ჩვენი სასიცოცხლო ენერგიაც. მზე ჩვენს რუკაზე ,,ბოსია“ და სწორედ ამიტომ ჩვენც, როდესაც გეკითხებიან ,,ზოდიაქოთი რა ნიშანი ხარ?“ , მზის ზოდიაქოს ნიშანს ვპასუხობთ. ის რომ შენ ტყუპები ხარ, ნიშნავს, რომ შენი დაბადების მომენტში მზე ტყუპების თანავარსკვლავედში იმყოფებოდა. თქვენს ხასიათს, რა თქმა უნდა, მთლიანად მზის ნიშანი არ განსაზღვრავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან თუ არა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენი ფსიქოტიპის შექმნაში.

    თქვენ დაბადებით ჟურნალისტური უნარებით დაჯილდოებული ადამიანი ბრძანდებით ინფორმაციის მიღებისა და გაცემის უსაშველო მოთხოვნილებით. შეგიძლიათ ნებისმიერი სირთულის ინფორმაციის აღქმა და მისი გამარტივებული სახით, ყველასთვის გასაგებ ენაზე გაცემა. ყველაზე მდაბალ გამოვლინებაში ჭორიკანა იქნებით, მაღალ ოქტავაში კი ამ უნარების სასარგებლო საქმისთვის გამოყენებას მოახერხებთ. გიყვართ ლაპარაკი.  გაინტერესებთ ყველა და ყველაფერი. ცნობისმოყვარეობის წყალობით თქვენი ცხვირი ხშირად შეიმჩნევა ხოლმე სხვის საქმეებში.

    ძალიან მოქნილი და ცვალებადი ადამიანი ხართ. ადვილად ეგუებით ახალ სიტუაციებს, ადამიანებს და სწორედ ამ ადვილად შეგუებადობის წყალობით უამრავი კონტაქტი, ნაცნობი და მეგობარი გყავთ. გიჟდებით ინტელექტუალურ საუბრებზე, ენამახვილი და ჭკვიანი, ხშირად ეშმაკის ადვოკატის როლშიც კი ევლინებით გარშემომყოფებს. თქვენს ტვინს მუდმივად სჭირდება მასაჟი და მენტალური სტიმულაციების გარეშე ძალიან იწყენთ.

    ინფორმაციას ჰაერში იჭერთ. შეგიძლიათ რეცენზია დაწეროთ წიგნზე, რომელიც არ წაგიკითხავთ, უბრალოდ ჭკვიანი ადამიანის მოსაზრება მოგისმენიათ მის შესახებ და ეს უკვე კმარა. მოუსვენარი ხართ, ქაოტური, ხმაურიანი. შეგიძლიათ ერთდროულად ისმინოთ, ილაპარაკოთ და პარალელურ რეჟიმში მანუალური საქმეც აკეთოთ.

    გიყვართ ფლირტი. შეიძლება ითქვას, რომ იმაზე მეტად გაინტერესებთ კომუნიკაცია, ვიდრე თავად ადამიანი.  ფლირტაობთ, ლაპარაკობთ, სხვადასხვა საკითხებს განიხილავთ  ყველასთან… საკუთარ თავთანაც კი.

    გამუდმებით ჰკარგავთ ნივთებს (ხანდახან ადამიანებსაც), სულ რაღაცას ეძებთ, სულ რაღაც საქმე გაქვთ, სულ სადღაც გაქვთ დასარეკი, სულ რაღაც გავიწყდებათ და ვერსად გრძნობთ თავს კომფორტულად, რადგან ყველაფერი ერთად გინდათ – მთაც, ზღვაც, ტყეც, მზეც, თოვლიც, სახლშიც და გარეთაც, მარტოდ და ხალხშიც.

    ვერ იტანთ რუტინას, ერთფეროვნებას. ყველაფერი მალე გბეზრდებათ, ადვილად გწყინდებათ. სულ რაღაც ახლის სწავლა, გაგება და გაკეთება გინდათ, ახალი ადამიანების გაცნობა.

    შეგიძლიათ მოერგოთ ნებისმიერი ტიპის ადამიანს, მოძებნოთ საერთო ენა და სასაუბრო თემა. იმდენად კარგად ახერხებთ ადაპტაციას, რომ ხშირად სხვა ადამიანების ხასიათები და აზრებიც კი შეიძლება გადმოგედოთ. მარტივად ექცევით სხვების ზეგავლენის ქვეშ. იმდენად ნიჭიერი ხართ მიმბაძველობაში და თანაც იუმორის გრძნობით სავსე,  პაროდისტობის პოტენციალიც დევს თქვენში. მსახიობის მონაცემები გაქვთ.

    ძალიან ადვილად შედიხართ კონტაქტში. ცოტა ფამილარულიც კი შეიძლება იყოთ. ამან შესაძლოა სიახლოვის ილუზია  შეუქმნას ვინმეს, მაგრამ ეს ზედაპირული დასკვნა იქნება. რეალურად თქვენთვის ემოციური და საერთოდ ნებისმიერი სახის დამოკიდებულებები იმდენად უცხოა, სულში არავის ახედებთ. უამრავი მეგობარი გყავთ, თუმცა ინტიმური სიახლოვე იშვიათად რომ რომელიმე მათგანთან იგრძნოთ. ყველასი ხართ და არავისი ამავდროულად.

    რთული გასარკვევია ისიც, თუ რას გრძნობთ ერთ კონკრეტულ მომენტში. იმიტომ კი არა რომ მალავთ, ან გამომხატველობა გაკლიათ, პირიქით, ზედმეტადაც შეიძლება გამოხატავდეთ. უბრალოდ  საკუთარ შინაგან განცდებში გარკვევა თავადაც გიჭირთ, რადგან ამას იშვიათად უღრმავდებით, ამისთვის ფიზიკურად …. კი არადა .. მენტალურად ვერ იცლით.

    გიჭირთ ენაზე კბილის დაჭერა, ამიტომ თქვენთვის საიდუმლოების მობარება, თქვენი ნდობა არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კეთილი ხართ და ტკივილის მიყენება არავისთვის გსურთ, რაღაც-რაღაცეები შეიძლება თავიდან ამოგვარდეთ და წამოგცდეთ.

    თქვენი მშვენიერი ტვინი სიცოცხლის მანძილზე უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციის გამტარი ხდება.  ბევრი რამე იცით, მაგრამ რადგან ინტერესების სფეროები ბევრი გაქვთ და თანაც ყურადღების კონცენტრირებას ერთ რამეზე დიდხანს ვერ ახერხებთ, ერთი სპეციალობისთვის თავის მიძღვნა გიჭირთ და ერთ სფეროში პროფესიონალიზმის ნაცვლად ყველაფერში ერკვევით, ოღონდ ზედაპირულ დონეზე.

    თქვენი სუსტი წერტილი ნერვებია, დასვენებას ვერ ახერხებთ, არადა კარგი ძილი და სუფთა ჰაერი სასიცოცხლოდ აუცილებელია თქვენთვის. დაკავდით ფიზიკური აქტივობით. საღამოს შეგიძლიათ მსუბუქი დამამშვიდებლები (ჩაი, ბალახეული) მიიღოთ. ისეირნეთ ხოლმე, ითამაშეთ ტენისი, ჩოგბურთი… იოგა ფოკუსირებასა და აზრების თავმოყრაში დაგეხმარებათ.

    თუკი კონცენტრირებას ისწავლით, იმუშავებთ თვითდისციპლინაზე და ენისა და აზრების გაკონტროლებას შეეცდებით, ახლობლებისთვისაც ისე სასიამოვნო და საინტერესო იქნება თქვენთან ურთიერთობა, როგორც ერთჯერადი ნაცნობებისთვის.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია