მზე კუროში

    0
    9066

    მზე ჩვენი ეგოა, ჩვენი ცნობიერი, ნება, დრაივი… იდენტობა, რომელთანაც ჩვენ საკუთარ თავს ვაიგივებთ. ის არის ჩვენი სასიცოცხლო ენერგიაც. მზე ჩვენს რუკაზე ,,ბოსია“ და სწორედ ამიტომ ჩვენც, როდესაც გეკითხებიან ,,ზოდიაქოთი რა ნიშანი ხარ?“ ,  მზის ზოდიაქოს ნიშანს ვპასუხობთ. ის, რომ შენ კურო ხარ, ნიშნავს, რომ შენი დაბადების მომენტში მზე კუროს თანავარსკვლავედში იმყოფებოდა. თქვენს ხასიათს, რა თქმა უნდა, მთლიანად მზის ნიშანი არ განსაზღვრავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან თუ არა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენი ფსიქოტიპის შექმნაში.

    მნიშვნელობა არ აქვს რა ხდება თქვენი ასტროლოგიური რუკის დანარჩენ ნაწილში, ყველა კუროში არის რაღაც, რაც მათ მიმართ პატივისცემით განაწყობს ადამიანებს. მყარი და სოლიდური ადამიანი ხართ, დინჯი და წინდახედული, შეგიძლიათ წინასწარ შეაფასოთ რისკები და არასოდეს მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მერე სანანებელი შეიძლება გაგიხდეთ.

    მთავარი თქვენთვის სამყაროსთან ჰარმონიული თანაარსებობაა. გიყვართ კარგი ცხოვრება და აფასებთ ნებისმიერი სიამოვნების წყაროს სექსი იქნება ეს, გემრიელი საჭმელი, ყვავილების სუნი, ლამაზი ხედი, სასიამოვნო მელოდია თუ უბრალოდ კომფორტული ბალიში. კუროები შეგრძნებებით ცხოვრობენ, ხუთივე გრძნობის ორგანო დახვეწილი და აქტიური აქვთ, მეექვსე გრძნობა კი… უცხოა მათთვის. სჯერათ იმის, რასაც ხედავენ, ესმით, სუნს გრძნობენ, გემოს გრძნობენ, ან ეხებიან.

    როცა მუშაობთ, მუშაობთ ბეჯითად და სრული დატვირთვით. ვერ ვიტყვით რომ უცებ აკეთებთ ყველაფერს, მაგრამ აკეთებთ თანმიმდევრულად, სტაბილურად და ნაყოფიერად. უსაფრთხოება თქვენთვის უმთავრესია,  მტკიცე გარანტიები გჭირდებათ მოქმედებაში რომ მოხვიდეთ. ეფექტური მაშინ ხართ, როცა ფეხქვეშ მყარ ნიადაგს გრძნობთ. დღევანდელი კვერცხი გირჩევნიათ ხვალინდელ ქათამს, რადგან დღევანდელი ნაღდია, ხვალინდელი კი სათუო.

    მშრომელი ხართ, მაგრამ მოტივაცია უნდა გქონდეთ და ეს მოტივაცია არც თანამდებობაა, არც სახელი, არც პოპულარობა…მოტივაცია არის მატერიალური კეთილდღეობა – ფული. იტყვით კომფორტი ყველას უყვარსო, მაგრამ კუროსთვის კომფორტი იმაზე მეტია ვიდრე დანარჩენი ნიშნებისთვის. კუროსთვის კომფორტი მამოძრავებელი ძალაა.

    სწორედ სიამოვნების მიღებისკენ, კომფორტისკენ, უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ მიდრეკილება და აქედან გამოწვეული სიდინჯე მათ ხშირად ზარმაცის იმიჯს უქმნის. არადა სამსახურის საათების თავისუფალი დროისგან გამიჯვნა ბედნიერების უმთავრესი ასპექტია, რაც თქვენ კარგად გესმით. არასდროს მიგაქვთ პირადი ცხოვრება სამუშაო კაბინეტში და არც სახლში მოგაქვთ სამსახურიდან საქმე. როცა მუშაობთ, მუშაობთ ბოლომდე და როცა ერთობით… არა, კი არ ერთობით, ისვენებთ… ისვენებთ ბოლომდე.

    მზით კურო ადამიანები მიწის ნიშნები არიან, გეგონება მიწაში აქვთ გადგმული ფესვებიო, ისეთი სიჯიუტის გამოვლენა შეუძლიათ, რამის გაკეთება რომ აიძულო, მართლა უნდა ამოთხარო მიწიდან. ასე ხდება მენტალურ დონეზეც. იციკლებით მიღებულ გამოცდილებაზე და ახალ სარისკო წამოწყებებს, კარგად დაცდილი ხერხებით მოქმედება გირჩევნიათ. ეს ტრადიციების ერთგულად და საშინლად ჯიუტ ადამიანად წარმოგაჩენთ.  გიჭირთ ადაპტირება და სიახლეებს ძალიან მძიმედ ეგუებით.

    ხასიათის კიდევ ერთი, ძირითადი შტრიხია მესაკუთრეობა, რომელსაც ცხოვრების ყველა სფეროში ავლენთ. თქვენ მოგწონთ ფლობა – ნივთები იქნება ეს თუ ადამიანები. გიყვართ, აფასებთ და უვლით ყველაფერს რაც თქვენია -სახლი, შინაური ცხოველები, ბიზნესი… თუ საყვარელი ადამიანები. სიყვარულში და ურთიერთობაში ბევრს ეს მესაკუთრეობა ეჭვიანობად ეჩვენებათ ხოლმე, არადა მესაკუთრეობა და ეჭვიანობა სულ სხვადასხვა რამეა. თქვენ ეჭვიანი არ ხართ, უბრალოდ ვინც გიყვართ, იმას თქვენად მოიაზრებთ და ფიქრობთ რომ ეს უფლებას გაძლევთ იზრუნოთ მათზე.

    თქვენ დამგროვებელი ხართ. ეს კუროს არც ცუდი, არც კარგი, უბრალოდ ბუნებრივი თვისებაა. აგროვებთ ყველაფერს საოჯახო ნივთები იქნება ეს, მარკების კოლექცია, წიგნები, ინფორმაცია თუ ადამიანები. ასე ხართ მთელი ცხოვრება. ყველაფერი სახლში მიგაქვთ. ,,ოჯახი ხრამია“. თანაც ამას საოცარი დაჟინებით აკეთებთ, არასოდეს გბეზრდებათ. ამაშიც კი საოცარი ერთგულების გამოჩენა შეგიძლიათ.  თანაც ერთგულება გიფასდებათ – იშვიათად რომ კურო ფულს და ნივთებს არ იზიდავდეს.

    ხართ ესთეტი და ამავე დროს პრაქტიკული, რაც ძალიან რომანტიკულ საყვარლებად გაქცევთ. საწინააღმდეგო სქესს თქვენ მოსწონხართ და გაფასებენ. თქვენ გვერდით მშვიდად და დაცულად გრძნობენ თავს, რადგან საიმედო პარტნიორი ხართ.

    მომთმენი ხართ, ამტანი, აღუშფოთველი… თქვენი წყობილებიდან გამოყვანა რთულია, თუმცა თუ გამოხვედით, შეიძლება მაგიდა დაამტვრიოთ თავზე ვინმეს (ოღონდ ეს თქვენი მაგიდა არ იქნება).

    დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა სიხარბისკენ, სიძუნწისკენ, ღორმუცელობისკენ იყოთ მიდრეკილი, მხოლოდ მატერიაზე ზრუნვით იყოთ დაკავებული. კარგი იქნება თუ ცოტა უფრო მოქნილი გახდებით, ადვილად ადაპტირებადი და უარს იტყვით საშინელ სიჯიუტესა და სიზარმაცეზე.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია