მზე თევზებში

    0
    10579

    მზე ჩვენი ეგოა, ჩვენი ცნობიერი, ნება, დრაივი… იდენტობა, რომელთანაც ჩვენ საკუთარ თავს ვაიგივებთ. ის არის ჩვენი სასიცოცხლო ენერგიაც. მზე ჩვენს რუკაზე ,,ბოსია“ და სწორედ ამიტომ ჩვენც, როდესაც გეკითხებიან ,,ზოდიაქოთი რა ნიშანი ხარ?“,   მზის ზოდიაქოს ნიშანს ვპასუხობთ. ის რომ   თევზები  ხარ,  ნიშნავს, რომ შენი დაბადების მომენტში მზე თევზების თანავარსკვლავედში იმყოფებოდა. თქვენს ხასიათს, რა თქმა უნდა, მთლიანად მზის ნიშანი არ განსაზღვრავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან თუ არა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენი ფსიქოტიპის შექმნაში.

    თევზები ზოდიაქოს წრის უკანასკნელი ნიშანი და საფეხურია და თორმეტივე ნიშანს მოიცავს საკუთარ თავში. ეს მას საშუალებას აძლევს, რომ ნებისმიერი ტიპის ადამიანთან მოახდინოს საკუთარი თავის იდენტიფიცირება და ნებისმიერი მათგანის ადგილას წარმოიდგინოს თავი. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ აღმოჩნდეთ სხვა ადამიანს ტყავში და ზუსტად ის ემოციები იგრძნოთ, ზუსტად ის იფიქროთ,  რასაც ის განიცდის და ფიქრობს. ეს განვითარებულ დონეზე მედიუმური უნარებია.

    აქედან გამომდინარე ძალიან ცვალებადი და ადვილად ადაპტირებადი ბრძანდებით, გაქვთ საოცარი თანაგრძნობისა და გაგების უნარი, გესმით ყველასი, მაგრამ თქვენ ვერავინ გიგებთ.

    მზით თევზებმა შეიძლება ცხოვრების უდიდესი ნაწილი სასტიკ რეალობაზე დარდში გაატაროს, თუმცა ტანჯვა ნეპტუნისეულ სამყაროში საკმაოდ გლამურიზებულია. მათ ხშირად საკუთარი თავი ეცოდებათ და ამ განცდით მაზოხისტურ სიამოვნებას იღებენ.

    თევზებს, როგორც წესი, ხშირად აკრავენ უნებისყოფო და სუსტი ადამიანების იარლიყს, თუმცა ეს სადაო საკითხია. ამ მიმართულებადაკარგული, ბურუსით მოცული პიროვნების უკან ძალიან ღრმა ადამიანი იმალება. თქვენ მეოცნებე ხართ, მაგრამ ჩვეულებრივი მეოცნებე არა, მატერიალურ მოთხოვნილებებზე მაღლა დგახართ, უმაღლესი მიზნები და ტრანსცედენტული იდეები გაქვთ. ნეპტუნი უმაღლესი სიყვარულია და თქვენც მთელი კაცობრიობა, როგორც ერთი,  ისე გიყვართ, ერთნაირად შეგიძლიათ უთანაგრძნოთ საკუთარ სისხლს და ხორცს თუ გადამთიელს. ამ სიყვარულში არ არსებობს საზღვრები. თევზები ქრისტესმიერი სიყვარულის სიმბოლოა.

    მგრძნობიარე და ჰიპერსენსიტიური ადამიანი ბრძანდებით. ადვილად მიგაქვთ გულთან ყველაფერი გეხებათ თუ არ ეს პირადად თქვენ. ადვილად გწყინთ და ხშირად ხართ ტანჯვებში. თანაც ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად ამდენი ტკივილისა, მაინც არ კარგავთ წარმოდგენას ადამიანებზე, მაინც გჯერათ მათი, მაინც ენდობით და იმათაც კი ვერ ეუბნებით უარს დახმარებაზე, ვინც იცით, რომ არ იმსახურებს.

    იმდენად არ გსურთ მწარე სიმართლისთვის თვალის გასწორება, ხშირად თავს იტყუებთ, გაურბიხართ მას,  სანამ სასტიკი რეალობა პირდაპირ ღრუბლებიდან მიწაზე არ დაგანარცხებთ. მერე იწყება საკუთარ სამყაროში ჩაკეტვა, საკუთარი თავის სიბრალული და ,,აღარასოდეს ვენდობი“, ,,აღარასოდეს დავუჯერებ“… ეს პერიოდები ხანმოკლეა, თუმცა საკმაოდ ნაყოფიერი. გაგიკვირდებათ და თქვენ, სწორედ ასეთი საკუთარი თავის შეცოდების მომენტებით იღებთ ენერგიას და ახერხებთ ფეხზე წამოდგომას. როცა ცხოვრება შემოგილაწუნებთ, მხოლოდ მაშინ გყოფნით სიმამაცე თვალი გაუსწოროთ სიმართლეს. ჰოდა, ძლიერი და მყარი ნაბიჯებით ამოდიხართ ნაპირზე ისევ ისეთი გამგები და თანაგრძნობით სავსე…  ცოტა ხნით მაინც.

    ბევრმა შეიძლება ისიც იფიქროს, რომ ტანჯვა მოგწონთ. არის ამაში რაღაც სიმართლის მარცვალი, რადგან სევდიანობის ჟამს განსაკუთრებით კრეატიული და შემოქმედებითი ხდებით,  თქვენი შინაგანი სამყარო ხომ თავისი ბუნებით ძალიან ჰგავს ხელოვანი ადამიანის, პოეტის სულიერ სამყაროს, თუნდაც ამ სფეროში არ მოღვაწეობდეთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მთვარე თევზების შემთხვევაში უფრო აქტუალურია.

    თქვენ ვერ ერკვევით ბიზნესში, ვერც მატერიალური სამყაროს წესებში, ვერც აგრესიული, პირდაპირი ფორმით ახერხებთ თვითრეალიზაციას, თუმცა თვითგამოხატვის მოთხოვნილება კი გაქვთ და ხელოვნება საუკეთესო გამოსავალია. არტი, მუსიკა, მარკეტინგი… აი, თქვენი სფეროები. უშრეტი ფანტაზიის წყალობით ყველგან წარმატებული იქნებით, სადაც კრეატიულობა და წარმოსახვაა საჭირო, თუმცა გვერდით მაინც გჭირდებათ ისეთი ადამიანი, ვინც თქვენი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ.   თუკი მოახერხებთ და საჭირო ნიშას ნახავთ, შესანიშნავი ინტუიციის წყალობით დიდ წარმატებასაც მიაღწევთ.

    ბევრ თევზს მიდრეკილება აქვს ყურადღების გაფანტულობისკენ, უპასუხისმგებლობისაკენ, უგულისყურობისკენ … ,,რაა? მეე?“ ალბათ აღშფოთდით. როგორ შეიძლება თქვენნაირი მგრძნობიარე ადამიანი, რომელიც ყველაფერზე დარდობს უგულისყურობაში დაადანაშაულონ? კი, თქვენ ძალიან მზრუნველი ხართ, მაგრამ თუკი გაინტერესებთ რას ნიშნავს პასუხისმგებლობის აღება, დაეკითხეთ ქალწულს ან თხის რქას.

    თუკი თქვენ ვერ იტანთ რუკებს, საათებს, ინსტრუქციებს, საყიდელი ნივთების სიებს, განრიგებს, რეჟიმს და ა.შ.  ესეც თქვენი მზის დამსახურება იქნება. განა არ სჯობს ინტუიციას ენდო და დინებას მიჰყვე? განა არ ამბობენ დიდი ფილოსოფოსები ,,დინებამ უკეთ იცის საით წაგიღოსო?“

    თევზებს ხშირად არ მოსწონთ ხოლმე ასტროლოგების მიერ დახასიათებული საკუთარი თავი, რადგან სავარაუდოდ თვითიდენტიფიკაციის პრობლემა აქვთ. მათ უჭირთ საკუთარი პიროვნების აღქმა, ჰოდა, ტიპური თევზი გაინტერესებთ ცეცხლის, მიწის და ჰაერის ნიშნების ძლიერი გავლენა რომ არ ჰქონია? კურტ კობეინი! მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ – უფრო ბედნიერი გენიოსებიც  დაბადებულან თქვენს რიგებში – თუნდაც აინშტაინი, სტივ ჯობსი… ასე რომ პოტენციალი დიდი გაქვთ, მთავარია როგორ მოიხმართ და რაში გამოიყენებთ ამ პოტენციალს….

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია