მზე ვერძში

    0
    7942

    მზე ჩვენი ეგოა, ჩვენი ცნობიერი, ნება, მამოძრავებელი ძალა… იდენტობა, რომელთანაც ჩვენ საკუთარ თავს ვაიგივებთ. ის არის ჩვენი სასიცოცხლო ენერგიაც. მზე ჩვენს რუკაზე ,,ბოსია“ და სწორედ ამიტომ ჩვენც, როდესაც გეკითხებიან ,,ზოდიაქოთი რა ნიშანი ხარ?“ , მზის ზოდიაქოს ნიშანს ვპასუხობთ. ის, რომ შენ ვერძი ხარ, ნიშნავს, რომ შენი დაბადების მომენტში მზე ვერძის თანავარსკვლავედში იმყოფებოდა. თქვენს ხასიათს, რა თქმა უნდა, მთლიანად მზის ნიშანი არ განსაზღვრავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან თუ არა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენი ფსიქოტიპის შექმნაში.

    მაშ ასე, თქვენ ვერძი ხართ. ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი. აქტიური, იმპულსური, ოპტიმისტი და ექსტრავერტი ადამიანი.

    ვერძები ზოდიაქოს წრეში პირველები არიან  და ეს მათ ხასიათშიც კარგად ჩანს. რასაც უნდა აკეთებდნენ,  პირველები იწყებენ, პირველები ამთავრებენ და ულევი სასიცოცხლო ენერგიის წყალობით ნებისმიერი მიზნის მიღწევას ახერხებენ, თუკი გზაში არ გადაიფიქრეს.

    გაქვთ ლიდერობის პოტენციალი, რადგან სხვების აყოლიებას ახერხებთ, ინიციატივა და ძლიერი ნებელობა გაგაჩნიათ, თან რაც გინდათ იმის გატანას ყოველთვის ახერხებთ. არც თავდაჯერება გაკლიათ, თუ ზედმეტი არ გაქვთ. ყოველთვის იცით, რა გსურთ და მიზნისკენ ყველაზე მოკლე მარშუტს ირჩევთ. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ხანდახან ენერგიას სრულიად უაზროდ ფლანგავთ. იწვით მანამ, სანამ არ ჩაქრებით და ხშირად მძიმე ავადმყოფობებიც კი ფეხზე გადაგაქვთ იქამდე, სანამ არ წაიქცევით. ნუ აწვებით გაზს, როცა ,,წითელი გინთებთ“, სჯობს ,,საწვავი ჩაისხათ“ და მშვიდად განაგრძოთ გზა. ასე უფრო დიდხანს ივლით.

    თქვენი ძლიერი მხარე ნოვატორობაა, პიონერი ხართ.  უამრავი ახალი წამოწყების ავტორი შეიძლება იყოთ, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანისთვის ნერვები არ გყოფნით (თუ რუკაში ამის მხარდაჭერა არ არსებობს) და ამიტომ გუნდი უნდა შეგხვდეთ კარგი, რომ თქვენი დაწყებული, სხვებმა დაამთავრონ, თორემ იქნებით ასე უამრავი დაწყებული და დაუმთავრებელი პროექტით.

    პირდაპირი, ალალი და უბრალო ადამიანი ხართ და ზუსტად ამას ელოდებით სხვებისგანაც, რის გამოც თქვენი მოტყუება ადვილია. ამბობენ, რომ რთული ხართ, მაგრამ ცდებიან. რთული ის არის, ვისაც ვერ გაიგებ გონებაში რა უდევს. თქვენ ის ხართ, რაც ხართ. არ თამაშობთ, არ მანიპულატორობთ, არ ხართ ყალბი. ამბობთ იმას, რასაც ფიქრობთ და იქცევით ისე, როგორც გინდათ. თქვენ გასაგები ადამიანი ხართ, თანაც ძალიან მარტივად გასაგები, უბრალოდ მართალი ხალხი ბევრს არ უყვარს, თანაც არც თქვენ გაწყენდათ ცოტა მეტი ტაქტი.

    დაბალი განვითარების დონეზე ამ მდებარეობამ უხეში, ეგოისტი და აგრესიული ადამიანის ტიპაჟი შეიძლება მოგვცეს, ფეთქებადის და უგნურებამდე წინდაუხედავის, რომელიც იმპულსებმა იმდენად შეიძლება დააბრმავოს, ყველა გადათელოს, ვინც გზაზე გადაეღობება. სამაგიეროდ, განვითარების მაღალ საფეხურზე, თუკი თქვენი ნაკლოვანებების დამუშავებას მოახერხებთ (რაც ვერძის შემთხვევაში ურთულესია), მოახერხებთ გათავისუფლდეთ თქვენივე სურვილების მონობისგან და ძალიან დიდი სულიერი ევოლუცია განიცადოთ.  ამ შემთხვევაში გენიალური პიროვნება დადგებით -ძლიერი და ამავდროულად ბავშვურად სუფთა.

    უზარმაზარი სასიცოცხლო ენერგიის მარაგს ფლობთ. სულ მოქმედებაში ხართ,  ერთ ადგილზე ვერ ისვენებთ. ფიზიკური აქტივობა თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

    პრობლემები და დაბრკოლებები თქვენთვის უბრალოდ გამოწვევაა. რძეში ჩავარდნილი ორი ბაყაყის ისტორია გახსოვთ? ის, რომელიც ბოლომდე ფართხალებს, რძეს დღვებს და ამოდის ვერძის ტიპაჟია. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ბოლომდე იბრძვით, ყოველგვარი გარანტიების გარეშე. იმედს არასდროს კარგავთ და ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეგიძლიათ. პრობლემები თქვენთვის გამოწვევაა და ამიტომ ახერხებთ წამოდგეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც წაიქცევით.

    თავს არ იწამებთ გეგმებით, არ უღრმავდებით საკუთარ ემოციებს, ხართ მოუთმენელი და იმპულსებს აყოლილი ძალიან სპონტანურად მოქმედებთ.

    თქვენი საყვარელი სიტყვაა ,,მე“.  არ გაინტერესებთ სხვა ადამიანების პრობლემები, უფრო მეტად თვითგამოხატვით ხართ დაკავებული – გირჩევნიათ თქვენ ისაუბროთ რა გაწუხებთ, რას აკეთებთ, რას აპირებთ, ვიდრე ისმინოთ…. გქონდეთ თუ არა ურთიერთობა ვინმესთან თავად თქვენ წყვეტთ. ხათრით ვერავინ გაგაკეთებინებთ რამეს.

    საშინლად გულწრფელი ხართ, საოცრად ალალი და ექსპრესიული. ან ენთუზიაზმით ივსებით, ან სრულიად გულგრილი რჩებით. არ გეშინიათ კონფლიქტების. უკიდურესი სუბიექტურობის გამო უბრალოდ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ შეიძლება ცდებოდეთ, სულ მზად ხართ ხმალი იშიშვლოთ, ,,სამართლიანობა აღადგინოთ“ და ,,ყველას თავის ადგილი მიუჩინოთ“.  ბოლო სიტყვა თქვენია.

    სენტიმენტები და ნოსტალგია უცხოა თქვენთვის, თუმცა თუ დეპრესიაში ხართ, დეპრესიაში ხართ თავიდან ფეხებამდე – ანუ უკიდურეს განცდებში – ამ დროს ფიქრობთ, რომ ყოველთვის ასე იქნება, არასოდეს გამოიდარებს. როცა კარგად ხართ მაშინაც ასე ხართ – თითქოს ბედნიერი ცხოვრების გარანტია გიჭირავთ ხელში.

    მთავარია, რა ხდება აქ და ახლა, მთავარია – აწმყო. მარტივად ცხოვრობთ. მხოლოდ წინ იყურებით და თვალებს აქეთ-იქეთ არ აცეცებთ.  თქვენ ბავშვური სულის ადამიანი ხართ – გულწრფელი და პატიოსანი, რომლისთვისაც ორპირობა და ღალატი უცხოა, თუ რა თქმა უნდა დანარჩენ რუკაზეც მშვიდობაა. ბედნიერი ხართ მაშინ, როდესაც რაღაც ხდება და თქვენ მოვლენების ეპიცენტრში ბრძანდებით. კარგი იქნება თუ მოთმინებას ისწავლით, შენიშვნის მიღებას, სხვა ადამიანების აზრის გათვალისწინებას და ბოლომდე მიიყვანთ დაწყებულ საქმეს.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია