მთვარე ჩვენი მოთხოვნილებებია, ჩვევები, რეაქციები და ინსტინქტები. იგი გვიჩვენებს თუ როგორ გამოვხატავთ და როგორ ვუმკლავდებით ემოციებს. იგი ჩვენს შინაგან საჭიროებებს ამხელს. ბევრი ასტროლოგი ფიქრობს, რომ მთვარე ჩვენში არსებული ქალური ნაწილია. იგი არის დედა და იგი არის ჩვენი ბავშვობა. მთვარე მამაკაცის რუკაზე ახასიათებს მასში არსებულ ქალურ საწყისს, რომელიც გამოძახილს ჰპოვებს მის მეუღლეში, მისი შვილების დედაში, ქალების რუკაზე კი იგი განსაკუთრებით ძლიერია, შეიძლება ითქვას, რომ მზეზეც ძლიერი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქალი დედა ხდება.
ლომი ძალიან გულღია ადამიანია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს რომ მთვარე ლომიც აუცილებლად გულს გადაუხსნის ყველას, ეს მზის ნიშანზე და პირადი რუკის სხვა ასპექტებზეცაა დამოკიდებული.
ასეა თუ ისე, თუნდაც ჩაკეტილი ტიპი იყოთ, ყურადღების ცენტრში ყოფნა მოგწონთ. ხართ სიცოცხლით სავსე, ხალისიანი, ამაყი და ოპტიმისტი ადამიანი. ყველაზე კომფორტულად ,,პროჟექტორების“ შუქში გრძნობთ თავს. გინდათ რომ თქვენი უახლოესი გარემოცვის, ოჯახის, მეგობრების სული და გული იყოთ. მოგწონთ როცა საყვარელ ადამიანებს ღიმილს გვრით, ამხიარულებთ, ართობთ და შესაძლოა კომიკოსის როლიც კი შეითავსოთ ამის გამო.
დადებით გამოვლინებაში დიდსულოვანი, კეთილი, ხელგაშლილი ადამიანი იქნებით, საკუთარი ღირსების გრძნობით სავსე. გულწრფელი და კეთილშობილი. თუმცა თუკი მთვარე დაზიანებულია შესაძლოა მანერულობაში, ემოციურ თავშეუკავებლობაში, ეგოისტურობასა და იმპულსურობაშიც გამოვლინდეს. ამ დროს ადამიანის მოტყუება ყველაზე ადვილია, შექებით და პირფერობით შეიძლება მონად გაქციოთ ვინმემ.
ბედნიერი ხართ როცა გაფასებენ, პატივს გცემენ, გაღიარებენ, გაღმერთებენ… ამიტომ ძალიან კარგი ხართ! სხვანაირად არ შეგიძლიათ! მიდრეკილება გაქვთ დრამატულობისკენ. გიყვართ საკუთარი ხასიათის თვისებების სხვებისთვის გაცნობა. გაქვთ მსახიობის ფარული ტალანტი (თუ რუკაც ხელს გიწყობთ სააშკარაოზე გამოტანილიც), შემოქმედებითი უნარები და ადამიანების მოხიბვლის ნიჭი. ეს პოპულარობის ერთ-ერთი მაჩვენებელიცაა.
გადაწყვეტილებების მიღება არ გიჭირთ, თამამი, მამაცი და პირდაპირი ხართ. ოპტიმიზმი სასოწარკვეთილების დროსაც კი არ გტოვებთ და ყოველთვის ოპტიმისტურად ,,ჟღერთ“. ხართ თავდაჯერებული და საკუთარ თავში დარწმუნებული. მოგწონთ მდიდარი ადამიანები, მდიდრული სახლები, მდიდრული მანქანები, ჩაცმულობა, ფუფუნების საგნები.. ჯიბეგაფხეკილს მილიონერის ჩვევები გრჩებათ. უფულობაზე წუწუნი გაღიზიანებთ.
ხანდახან ზარმაცი და მბრძანებლური ბუნებისაც შეგიძლიათ იყოთ. გაქვთ მოთხოვნილება ოჯახში ყველაფერი თქვენი კონტროლის ქვეშ გქონდეთ, მოგწონთ ორგანიზება და თქვენს სულიერ მისიად ყველაფრის თქვენს ჭკუაზე ,,დალაგება“ მიგაჩნიათ.
კარგი იქნება თუ ისწავლით თავმდაბლობას და სამართლიანი კრიტიკის მიღებას და გათვალისწინებას.
ბედნიერი რომ იყოთ გარშემომყოფების დიდ ყურადღებას საჭიროებთ. ემოციებს შესაძლოა ცოტა თეატრალურად გამოხატავდეთ. გიყვართ გაზვიადება, გაბუქება. თავმოყვარეობა ადვილად გელახებათ და შეურაცხმყოფელს მაშინვე ,,დუელში“ იწვევთ, აწყობთ სცენებს და იბუტებით. რა თქმა უნდა, საჯაროდ ასე არ ხდება. თქვენ ძალიან უფრთხილდებით იმიჯს და ხალხში ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგახართ. სახლში თუ ცრემლების ფრქვევა და დრამის დადგმა შეგიძლიათ (ხანმოკლეს მაგრამ მაინც), ხალხში ძალიან ამაყად გიჭირავთ თავი. გაგიგიათ რუსული გამოთქმა ,,умри но держи марку“ ? აი, ეს არის ლომების დევიზი.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია