მთვარე ჩვენი მოთხოვნილებებია, ჩვევები, რეაქციები და ინსტინქტები. იგი გვიჩვენებს თუ როგორ გამოვხატავთ და როგორ ვუმკლავდებით ემოციებს. იგი ჩვენს შინაგან საჭიროებებს ამხელს. ბევრი ასტროლოგი ფიქრობს, რომ მთვარე ჩვენში არსებული ქალური ნაწილია. იგი არის დედა და იგი არის ჩვენი ბავშვობა. მთვარე მამაკაცის რუკაზე ახასიათებს მასში არსებულ ქალურ საწყისს, რომელიც გამოძახილს ჰპოვებს მის მეუღლეში, მისი შვილების დედაში, ქალების რუკაზე კი იგი განსაკუთრებით ძლიერია, შეიძლება ითქვას, რომ მზეზეც ძლიერი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქალი დედა ხდება.
აქ მთვარე საკუთარ სახლშია, რადგან მთვარე კირჩხიბს მართავს და მთვარის ხასიათიც ყველაზე მეტად ვლინდება ამ პოზიციის მქონე ადამიანებშიც.
თქვენ ძალიან ღრმა და მგრძნობიარე ადამიანი ბრძანდებით. ყველაფერს ემოციური ჭრილიდან აღიქვამთ, ყველაფერს ზედმეტად განიცდით, ყველაფერი გულთან მიგაქვთ და მუდამ გულის კარნახს აყოლილი მოქმედებთ.
თუკი მთვარე დაზიანებულია, არ არის გამორიცხული, რომ იყოთ ჭირვეული, გქონდეთ თქვენი ახირებები, გახასიათებდეთ არაპროგნოზირებადობა, ისტერიულობა, გულისამოვარდნამდე ტირილი, ინფანტილურობა, შინაგანი შფოთვები, უნდობლობა, სკანდალებისადმი მიდრეკილება, გამძაფრებული რეაქციები, კამათის დროს პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადასვლა და ა.შ. თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა მაინც შინაგანი პასიურობაა, თუნდაც გარეგნულად ძალიან აქტიური ჩანდეთ.
ფაქიზი ფსიქიკის პატრონი ადვილად იღებთ ტრავმებს. თქვენი განწყობა გარემო პირობების მიხედვით იცვლება. ღრუბელივით ისრუტავთ სხვების ემოციებს. გრძნობთ მათ განცდებს, შეგიძლიათ მათ ადგილზე საკუთარი თავი წარმოიდგინოთ. გაქვთ შესანიშნავი ინტუიცია.
მიუხედავად ცვალებადი ხასიათისა, ძალიან ერთგულიც ხართ, რადგან მიდრეკილი ხართ ემოციური დამოკიდებულებებისაკენ. ამიტომ ძველს იშვიათად ღალატობთ და სიახლეებს დიდი ენთუზიაზმით არ ხვდებით. ეს ყველაფერი გაზრდაში და ემოციურ მომწიფებაში გიშლით ხელს. გამუდმებით ებღაუჭებით ადამიანებს, საგნებს, მოვლენებს… წარსულსაც კი. გამუდმებით უბრუნდებით მას გონებაში და ოცნებობთ ისეთი რამეების შეცვლაზე, რასაც უკვე ვერაფრით შეცვლით. სენტიმენტალურს ხშირად გეუფლებათ ნოსტალგია.
გიჭირთ ჩვევებზე უარის თქმაც. ახალი ნაცნობობის გაბმას შინაურების მონახულება გირჩევნიათ და ოჯახურ გარემოში, ან ძალიან ახლობელ ადამიანებს შორის თავს ყველაზე უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობთ. უსაფრთხოება, დაცულობა და სიახლოვე კი თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
კონფლიქტები არ მოგწონთ, სიმყუდროვისა და მშვიდი ცხოვრებისკენ ილტვით, თუმცა ბუტია ხართ და წყენა ძალიან დიდხანს მიგყვებათ გულში. როცა ფიქრობთ რომ სათანადოდ ვერ გაფასებენ (და ეს ძალიან ხშირად ხდება), მანიპულატორობას მიმართავთ და ირიბი მეთოდებით ცდილობთ ყურადღების მიქცევას. შეიძლება მიდრეკილება გქონდეთ მსხვერპლის როლის თამაშისკენაც. ხანდახან საყვარელ ადამიანებს თქვენი ახირებების დასაკმაყოფილებლად იყენებთ.
გიჭირთ საკუთარი ცხოვრების კომპარტმენტალიზაცია, რადგან ზომიერება წყლის ნიშნის მთვარისთვის ძალიან უცხოა. ამიტომ ხშირად ირაციონალურად მოქმედებთ. დროა გაიზარდოთ!
თქვენი ნათელი მხარე იუმორია. რამდენადაც მძიმე ხართ დეპრესიული შემოტევების დროს, იმდენად მხიარული და საყვარელი ხართ, კარგ განწყობილებაზე. განწყობილება კი ხშირად გეცვლებათ.
როცა საკმარის სითბოს, სინაზეს და თანაგრძნობას იღებთ, სულ სხვანაირი ხდებით. თითქოს ამ ყველაფერს ირეკლავთ, საოცრად თბილი, მზრუნველი და ყურადღებიანიც შეგიძლიათ იყოთ.
როცა უსაფრთხოება გარანტირებულია, მაშინ თქვენი ნამდვილი ,,დედური“ (მნიშვნელობა არ აქვს რა სქესის ხართ) ბუნება მჟღავნდება. როგორც კრუხი წიწილებს ისე ეფოფინებით და ეფარებით საყვარელ ადამიანებს.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია