მთვარე ტყუპებში

0
31455

მთვარე ჩვენი მოთხოვნილებებია, ჩვევები, რეაქციები და ინსტინქტები. იგი გვიჩვენებს თუ როგორ გამოვხატავთ და როგორ ვუმკლავდებით ემოციებს. იგი ჩვენს შინაგან საჭიროებებს ამხელს. ბევრი ასტროლოგი ფიქრობს, რომ მთვარე ჩვენში არსებული ქალური ნაწილია. იგი არის დედა და იგი არის ჩვენი ბავშვობა. მთვარე მამაკაცის რუკაზე ახასიათებს მასში არსებულ ქალურ საწყისს, რომელიც გამოძახილს ჰპოვებს მის მეუღლეში, მისი შვილების დედაში, ქალების რუკაზე  კი იგი განსაკუთრებით ძლიერია, შეიძლება ითქვას, რომ მზეზეც ძლიერი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქალი დედა ხდება.

მთვარით ტყუპები მომხიბლავი, სასიამოვნო და საინტერესო ადამიანები არიან, რომლებიც ემოციურ დონეზე მენტალური სტიმულაციითა და ინტელექტუალური კომუნიკაციით კმაყოფილდებიან.

სახლში შეიძლება უხასიათობა და ადვილად გაღიზიანებადობა გახასიათებდეთ, მაგრამ როდესაც ხალხს ხედავთ აბსოლუტურად გეცვლებათ განწყობილება. ნებისმიერ თემაზე შეგიძლიათ საუბარი, ნებისმიერ ადამიანთან გამოძებნით საერთოს, ინფორმაციის მიღება გაცემის დაუძლეველ მოთხოვნილებას გრძნობთ და უსაზღვროდ ცნობისმოყვარე ინდივიდი ხართ.

გახასიათებთ შინაგანი შფოთვა, ნევროზულობა, მოუსვენრობა. ბევრს კითხულობთ, ბევრს ლაპარაკობთ და ბევრს ფიქრობთ. უფრო მეტად აანალიზებთ რას განიცდით, ვიდრე განიცდით. უფრო მეტს ფიქრობთ, ვიდრე გრძნობთ. გაქვთ  ემოციების გარაციონალურების მოთხოვნილება.

ვერ იტანთ საოჯახო საქმეების კეთებას, თუმცა სახლის რეორგანიზაციაში მუდმივად იღებთ მონაწილეობას. ოჯახური შეკრებების ორგანიზატორები მუდამ თქვენ ხართ, რადგან ბევრი ხალხი მოგწონთ და ისეთი რამეების კეთება, რაც რუტინის ფარგლებს ცდება. ცვლილებები  გაბედნიერებთ, რადგან ერთფეროვნება ყელში ძალიან მალე ამოგდით. არასოდეს გაკმაყოფილებთ ის, რაც გაქვთ და სხვისი ბალახიც ყოველთვის უფრო მწვანედ გეჩვენებათ.

ერთ ადგილზე დაფუძნება და გაჩერება თქვენთვის ნამდვილი კოშმარია. შესაძლოა ბავშვობაში თქვენი მშობლები (განსაკუთრებით დედა) უფრო მეტად თქვენს ინტელექტუალურ განვითარებაზე ზრუნავდნენ, ვიდრე ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ამიტომაც ახლა ემოციური სიღრმე თქვენთვის სრულიად გაუგებარია.

სავარაუდოდ ახლო მეგობრებმაც იციან, რომ სერიოზულად საკუთარ გრძნობებზე არ უნდა გესაუბრონ, რადგან ოდესღაც ალბათ გული დასწყვიტეთ თქვენი გულგრილობით. თქვენ თანაგრძნობა არ შეგიძლიათ. ან შეგიძლიათ მხოლოდ სიტყვებით.

გიყვართ ლაპარაკი, ხართ ენამახვილი, გაქვთ იუმორის გრძნობა და როგორც იტყვიან სიტყვებს ჯიბეში არ ეძებთ. ნაცნობებს ძალიან უყვარხართ, რადგან თქვენთან არასოდეს იწყენენ. ხშირად იმდენად ერთობით სხვა ადამიანებით საკუთარი თავი და საქმე გავიწყდებათ. გაქვთ უამრავი დაწყებული და დაუმთავრებელი პროექტი, მდიდარი ფანტაზია და შთაბეჭდილებიანი ბუნება.

გამუდმებით დაეძებთ სიახლეებს, ადვილად ადაპტირებადი, ცვალებადი, მრავალფეროვანი ხართ. როცა ღიზიანდებით, ენამწარე ხდებით. ცუდ ხასიათზე როცა ხართ, აუტანელი ხართ, რადგან ცოტა გიჭირთ იმის გაცნობიერება რას გრძნობთ და ამიტომ არაადეკვატურად გამოხატავთ. ეს ხასიათი შინაგანი მოუსვენრობის დამსახურებაა. მუდამ ეჭვებში ხართ. გულწრფელად არაფრის გჯერათ. ყველაფერს სკეპტიკურად უყურებთ. ბევრი რამის გაკეთება გინდათ ერთდროულად და როცა ვერ ახერხებთ ცუდ ხასიათზე დგებით. როცა რაიმე დაბრკოლება გხვდებათ, პირველი ინსტინქტი ამ დაბრკოლებაზე საუბარია. მოგწონთ საკუთარი პრობლემების სხვებთან ერთად განხილვა, რადგან ანალიზი ემოციური დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში ეხმარებათ. გირჩევნიათ პირადულზე ისე ისაუბროთ, როგორც რაღაც თემაზე, ვიდრე თქვენთვის განიცდიდეთ.

თქვენ კარგად ვერ ერკვევით საკუთარ ემოციურ მოთხოვნილებებში, საჭიროებებში. ერთადერთი გამოსავალი საკუთარ ემოციებში ჩაღრმავებაა. ცოტა უნდა მოდუნდეთ. ეცადეთ არ გაექცეთ საკუთარი ნეგატიური მხარეების დანახვას და თქვენს აზრებში ჩამოყალიბდეთ. ასე უკეთ იგრძნობთ თავს. ნუ ეცდებით ყველაფრის გაანალიზებას, ტვინით გულის საკითხებს ვერ მოაგვარებთ ყოველთვის, ლოგიკა ემოციების საკითხებში კომპეტენტური ვერ იქნება… ხანდახან უბრალოდ უნდა იგრძნოთ.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია