მთვარე კუროში

0
31562

მთვარე ჩვენი მოთხოვნილებებია, ჩვევები, რეაქციები და ინსტინქტები. იგი გვიჩვენებს თუ როგორ გამოვხატავთ და როგორ ვუმკლავდებით ემოციებს. იგი ჩვენს შინაგან საჭიროებებს ამხელს. ბევრი ასტროლოგი ფიქრობს, რომ მთვარე ჩვენში არსებული ქალური ნაწილია. იგი არის დედა და იგი არის ჩვენი ბავშვობა. მთვარე მამაკაცის რუკაზე ახასიათებს მასში არსებულ ქალურ საწყისს, რომელიც გამოძახილს ჰპოვებს მის მეუღლეში, მისი შვილების დედაში, ქალების რუკაზე  კი იგი განსაკუთრებით ძლიერია, შეიძლება ითქვას, რომ მზეზეც ძლიერი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქალი დედა ხდება.

ეს მთვარის საუკეთესო მდებარეობაა – თქვენთვის მთავარია უსაფრთხოება, სიახლოვე და სტაბილურობა. ძალიან დიდი ნებისყოფის მქონე მიწიერი ადამიანი ხართ. ენდობით მხოლოდ საკუთარ შეგრძნებებს. გაქვთ ძალიან მგრძნობიარე გრძნობითი ორგანოები, განსაკუთრებით სუნებზე და შეხებაზე რეაგირებთ.

ხართ ესთეტი. ილტვით მატერიალური კომფორტისკენ და თქვენი განწყობაც მთლიანად თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული – კარგი სახლი, საკუთარი ბიზნესიდან სტაბილური შემოსავალი, საიმედო ოჯახი და … თქვენც ბედნიერი იქნებით.

იმდენად ჯიუტი ხართ, თქვენთვის რამის იძულების მცდელობა წყლის ნაყვაა, თუმცა თუ თავად გადაწყვიტეთ, ამ გადაწყვეტილების ერთგული რჩებით ბოლომდე.

თქვენი სიმყარის და საიმედოობის გამო,  თქვენ გვერდით ყოფნა სასიამოვნოა. ახლობლები რაღაცნაირად დაცულად და კომფორტულად გრძნობენ თავს, თუმცა თქვენი კონსერვატივიზმი და ჯიუტად ძველ ჩვევებზე ჩაბღაუჭებული ყოფნა შეიძლება ბევრი პროგრესული ადამიანისთვის აუტანელი აღმოჩნდეს.

ვერ იტანთ გაურკვევლობებს, მოულოდნელობებს, კრიზისებს, ემოციურ ვნებათაღელვებს. ისწრაფვით მშვიდი და საიმედო გარემოს შექმნისკენ. პირად ურთიერთობებში შესაძლოა ვერ გრძნობდეთ და ვერ იგებდეთ პარტნიორების ცვლილებებისადმი, ზრდისადმი, ემოციური სტიმულაციებისადმი მოთხოვნილებებს. ერთხელ შექმნილი იდილიის ყოველდღიური განმეორება, რაც, მაგალითად,  ზოგიერთი ინდივიდისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნებოდა, თქვენთვის სამოთხეა.

ძალიან რომანტიკული ხართ, მყარი გრძნობები გაქვთ და ღრმა. არასოდეს ნანობთ საკუთარ გადაწყვეტილებას. ძალიან ბევრის მოთმენა და ატანა შეგიძლიათ. იშვიათად იღებთ განშორების გადაწყვეტილებას – კონფლიქტების დროსაც კი მათ მოგვარებაზე ფიქრობთ და არა პარტნიორთან ურთიერთობის დამთავრებაზე. თბილი და სენტიმენტალურიც შეგიძლიათ იყოთ.

ხართ უსაშველოდ მესაკუთრე. ,,რაც ჩემია, ჩემია“ – აი, თქვენი საყვარელი ფრაზა. მუდმივი სიახლოვის მოთხოვნილება გაქვთ, საყვარელია ადამიანების გვერდით ყოფნით სიამოვნების განცდის მოთხოვნილება.

უმთავრესი პრობლემა ფუფუნებაზე გადაყოლაა. გასტრონომიული ინტერესების დაკმაყოფილებაც – თემაა. როცა ცუდად ხართ, იმის ნაცვლად რომ მადა დაკარგოთ, ჭამით ცდილობთ დამშვიდდეთ.

ჩვევებზე ჩაბღაუჭება ხშირად ხელს გიშლით პროგრესში. ცვლილებების სიძულვილი უინიციატივოს გხდით, სიჯიუტე ტლანქს და მოუქნელს. საჭიროა კომფორტის ზონიდან გასვლა ისწავლოთ და ცოტა უფრო შეგუებადი გახდეთ.

სიწყნარე, სიმშვიდე და სტაბილურობა გჭირდებათ იმისთვის რომ თავი კარგად იგრძნოთ. ვერ იტანთ, როცა იძულებული ხართ ჩვევაზე უარი თქვათ. ინსტინქტები ძალიან ძლიერი გაქვთ. არასოდეს გადადგამთ სარისკო ნაბიჯს და მოქმედებისთვის ყოველთვის გჭირდებათ გარანტიები.

თქვენ იცით კარგი ცხოვრების ფასი და ცდილობთ საყვარელ ადამიანებსაც არსებობა გაულამაზოთ. ფრთხილი და წინდახედული რუტინაში თავს კომფორტულად გრძნობთ. არ გიყვართ სიურპრიზები და სპონტანური გადაწყვეტილებები. სტაბილურობა, მეგობრებო! – აი, თქვენი სულიერი სიმშვიდის გარანტი.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია