მთვარე ჩვენი მოთხოვნილებებია, ჩვევები, რეაქციები და ინსტინქტები. იგი გვიჩვენებს თუ როგორ გამოვხატავთ და როგორ ვუმკლავდებით ემოციებს. იგი ჩვენს შინაგან საჭიროებებს ამხელს. ბევრი ასტროლოგი ფიქრობს, რომ მთვარე ჩვენში არსებული ქალური ნაწილია. იგი არის დედა და იგი არის ჩვენი ბავშვობა. მთვარე მამაკაცის რუკაზე ახასიათებს მასში არსებულ ქალურ საწყისს, რომელიც გამოძახილს ჰპოვებს მის მეუღლეში, მისი შვილების დედაში, ქალების რუკაზე კი იგი განსაკუთრებით ძლიერია, შეიძლება ითქვას, რომ მზეზეც ძლიერი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქალი დედა ხდება.
როცა მთვარის ასეთი პოზიცია გაქვს, გეჩვენება რომ ყველაფერი ძალიან ნელა ხდება. თქვენ ძალიან მოუთმენელი და სულსწრაფი ადამიანი ბრძანდებით. ასტროლოგები ხუმრობენ კიდეც ვერძები ასე ლოცულობენო: ღმერთო, მომეცი მოთმინება… ახლავე.
ცხოვრება თქვენთვის გადაუდებელ აუცილებლობათა ჯამია. როცა რაღაც გსურთ, გსურთ ახლავე, რადგან ხვალამდე მოთმენა არ შეგიძლიათ. თქვენ დღევანდელი დღით ცხოვრობთ. წამიერი ხუშტურებები და ახირებები თქვენი მუდმივი თანმდევია.
ეს მთვარის ძალიან ფეთქებადი მდებარეობაა. თუნდაც მზე ან ასცედენტი უფრო მოკრძალებულ ნიშნებში გყავდეთ, შინაგანად მაინც ძალიან ემოციური და ადვილად აალებადი, ცეცხლსაშიში პიროვნება იქნებით. თქვენ საკუთარ გრძნობებთან გამკლავება გიჭირთ, მშვიდად ყოფნა და უბრალოდ რაღაცის განცდა არ შეგიძლიათ. ნებისმიერი ახალი ემოცია ახალი ქმედებებისკენ გიბიძგებთ. როცა რაღაცას გრძნობთ, ეს გრძნობა აუცილებლად რაღაცის გაკეთებას გაიძულებთ. გაქვთ სპონტანური რეაქციები. ვერ ჩერდებით ერთ ადგილზე. ფეხი-ფეხზე გადადებული ჯდომა, ცას მიჩერება და ლოდინი თქვენთვის უცხოა. თუ გიყვართ კოცნით, ეხუტებით, თუ ბრაზობთ ნივთების სროლა შეიძლება დაიწყოთ…თუ არაფრის გაკეთება შეგიძლიათ… მაინც რაღაცას აკეთებთ… თუნდაც აზრი არ ჰქონდეს… ,,თავისით არაფერი ხდება!“ თქვენ ფიქრობთ, რომ საკუთარი ემოციური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად თავად უნდა იბრძოლოთ.
უცნაურია, მაგრამ ეს მთვარის ძალიან თავდაცვითი პოზიციაცაა. გამუდმებული შინაგანი კონფლიქტები. თქვენ ყველაფერს ძალიან პირადულად იღებთ, ძალიან მარტივად ბრაზდებით და მარტივად გამოხატავთ ემოციებსაც. თქვენი პროვოკაციაზე წამოგება მარტივია. ნერვებმოშლილმა ჯავრი, ვინც ხელში მოგხვდებათ, იმაზე შეიძლება იყაროთ. არასოდეს მიდიხართ დათმობაზე. თუმცა ეს წამიერი აალებაა, ცეცხლი ძალიან მალე ქრება. როგორ ადვილადაც გწყინთ, ისევე ადვილად ივიწყებთ წყენას. გულში ჩადება არ გჩვევიათ, ყველაფერს გარეთ ისვრით ნივთებთან ერთად. ემოციურ დონეზე ძალიან პირდაპირი და თამამი ხართ, რასაც გრძნობთ, ყოველთვის გამოხატავთ. ვერ იტანთ მიკიბულ-მოკიბულ და გაურკვეველ ადამიანებს.
ემოციურ დონეზე ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ბრძანდებით. თავდაჯერებულიც. მიუხედავად ძლიერი ხასიათისა, განწყობილებაში აღმართ-დაღმართები თქვენც გაქვთ, თუმცა თქვენი უხასიათობა და დეპრესია კირჩხიბის ან თევზების უხასიათობას არ ჰგავს – საკუთარ თავში ჩაკეტვა თქვენი სტილი არ არის, ამისთვის ზედმეტად ტემპერამენტიანი ხართ.
ხანდახან ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებთ, თითქოს მოგწონთ ხათაბალაში რომ ხართ, პრობლემები და წინააღმდეგობები რომ გხვდებათ გზაზე. არის ამაში სიმართლის მარცვალიც. მშვიდობიანობის პერიოდშიც კი საომარ მოქმედებებს აწარმოებთ. თქვენი სახლი, განსაკუთრებით კი ბავშვობის სახლი, ნამდვილი საბრძოლო ველია. თქვენ მშვიდად ყოფნა არ მოგწონთ, დაბრკოლებების დაძლევით იღებთ ენერგიას. პულტი მუდამ თქვენ უნდა გეჭიროთ ხელში, თქვენ უნდა აირჩიოთ მუსიკა მანქანაში, გადაწყვიტოთ სად წახვიდეთ და სად ,,არ გვინდა“… შინ თუ გარეთ ბოსობის მოთხოვნილება გაქვთ, ბოსები კი კომპრომისზე არ მიდიან. თქვენთან მშვიდად ცხოვრება თითქმის შეუძლებელია.
ამ მთვარით დაბადებულ ქალებს თუ მამაკაცებს ხშირად ერთი ნახვით სიყვარულისკენ აქვთ მიდრეკილება, უცებ აღფრთოვანდებიან ხოლმე და ჰგონიათ რომ ასე არასოდეს ჰყვარებიათ, რომ ეს პირველი და უკანასკნელი სიყვარულია… თუმცა ეს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე და ძალიან ცოტა ხანს გრძელდება. მათ ვნება, სურვილი, ჟინი და ლტოლვა სიყვარულში ეშლებათ. ,,მინდა“ , ,,მჭირდება“ ,,ახლავე“ – აი, თქვენი საკვანძო სიტყვები. როცა რაღაც გსურთ, ეს სურვილი იმდენად ძლიერია, შეპყრობილი ხდებით და აბსოლუტურ აუცილებლობად იქცევა ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება.
აქედან გამომდინარე საკრედიტო ბარათის ქონა ძალიან საშიშია თქვენთვის. უკეთესი იქნება თუ წყლით სავსე კონტეინერში ჩააგდებთ და პირდაპირი მნიშვნელობით გაყინავთ, რომ როცა მისი გამოყენება მოგინდებათ მერე ყინულის გალხობის ლოდინი მოგიწიოთ. ეგებ ამდენ ხანში რაღაცის ყიდვის დაუძლეველმა მოთხოვნილებამაც გაგიაროთ. თუმცა რა აზრი აქვს რჩევას, თქვენ ხომ რჩევები არ გიყვართ და თანაც სულ არ გამიკვირდება, თუ ყინულს გალხობამდე დალეწავთ და ბარათს ფენით გააშრობთ.
მიუხედავად ბევრი ნაკლისა, ინდივიდებს ვერძი მთვარით ძალიან ბევრი ღირსებაც აქვთ: თქვენთვის უცხოა ინტრიგების ხლართვა, მანიპულატორობა. პირდაპირი და გულწრფელი ხართ. მართალია, ცოტა ეგოისტის რეპუტაციაც შეიძლება გქონდეთ, რადგან იმდენად გმართავთ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, სხვებზე ფიქრის დრო არ გრჩებათ, თუმცა როცა მართლა ძვირფასია ვინმე თქვენთვის, მათთვის არაფერს დაიშურებთ. როცა საქმე საყვარელი ადამიანების დაცვას ეხება, იცავენ რქებით და ზრუნავენ აშკარად, საქმით (ან ეგებ ჩხუბითაც) და არა ლაპარაკით.
მოკლედ, რაღაც ძალიან ბავშვური ხართ, მიამიტი, გულუბრყვილო და ეგოისტი, რაც ბევრს ძალიან მომხიბვლელად ეჩვენება. თუკი ცოტაოდენ მოთმინებას გამოიმუშავებთ და სხვა ადამიანების აზრის პატივისცემას ისწავლით, შესანიშნავი ადამიანი დადგება თქვენგან.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია