ტაროს კარტი – შედეგები

0
2798

1. თქვენ შიში გიშლით ხელს იმის მიღწევაში, რაც გსურთ. წარსულის აჩრდილები, კომპლექსებად ქცეული ბავშვობის ტრავმები, შეცდომების შედეგები ამჟამად უამრავ დაბრკოლებას გიქმნით. თქვენ გეშინიათ.  ეს მაინცდამაინც ის შიში არ არის გული წინდებში რომ გაგირბით, ნაბიჯის გადადგმაზე ფეხი რომ გიკანკალებთ. შიში მრავალგვარია. აი, მაგალითი – თქვენ გადაწყვიტეთ ჯანსაღი ცხოვრება დაიწყოთ, დილით ადრე ადგეთ და ირბინოთ. დილით მაღვიძარა რეკავს, თქვენ საწოლზე წამოჯდებით და მერე ისევ ლოგინში ბრუნდებით დაპირებით, რომ ხვალიდან გააკეთებთ ამას. ეს სიზარმაცე გგონიათ? არა, ეს შიშია, შიში იმისა, რომ ვერ მოახერხებთ.

პიროვნება ძალიან მრავალწახნაგოვანია. ჩვენ ძალიან ბევრი მე გვაქვს და თქვენ რომ ახალი ცხოვრება დაიწყოთ, ძველი მე უნდა მოკლათ, რომელსაც ამდენი ხანია კვებავდით. იგი კვდება (ჩვენ ვიცვლებით), მაგრამ მისი აჩრდილი რჩება, მოჩვენება, რომლისაც ისე გვეშინია, როგორც მიცვალებულის კუბოდან წამოდგომის. ეს არის სწორედ ჩვენი კომპლექსები, შიშები. თქვენ ამ აჩრდილებისთვის თვალის გასწორება უნდა შეძლოთ. თქვენ საკუთარ შიშებთან შეხვედრა მოგიწევთ.  ჩვენი ქვეცნობიერი უამრავ ასეთ აჩრდილს ინახავს, პიროვნებებს რომლითაც ოდესღაც დავიბადეთ. აქ ბევრ ნაგავთან ერთად, ბევრი განძიცაა და ამ განძის გამოყენებას მხოლოდ ის მოახერხებს, ვისაც ნაგვის დანახვის არ ეშინია. ვისაც წარსულის აჩრდილებთან შეხვედრის არ ეშინია.

თქვენ ცვლილებების შიში უნდა დასძლიოთ. ამისთვის შესანიშნავი მეთოდია, აკეთოთ ყველაფერი, რისიც გეშინიათ. შეხვდეთ სტრესს, რომ დაინგრეს ბარიერი ქვეცნობიერსა და ცნობიერს შორის , რათა იქედან იმ პიროვნების გამოყვანა მოახერხოთ, რომელიც ამ შიშზე გამარჯვებას შესძლებს. თქვენ საკუთარი თავის გამუდმებით შიშში ჩაგდება უნდა დაიწყოთ. კიდევ ვიმეორებთ, არ ვგულისხმობთ ფიზიკურ შიშს. მარტივი მაგალითით გეტყვით, თქვენ უსმენთ მუსიკას, რომელიც გაგონებთ წარსულს, სასიამოვნო წარსულს და ამით ბედნიერებას განიცდით? თქვენ ხვდებით წარსულ ,,მეს“ და იმეორებთ მის შეგრძნებებს. სხვაგვარად ნოსტალგიას ვუწოდებთ ამ განცდას. დაახლოებით იგივეა , უბრალოდ ამ შემთხვევაში წარსულ შეშინებულ, სტრესში მყოფ თავებს უნდა შეხვდეთ.

მოწყდით რუტინას, ყოველდღიურობას, ყურადღების გამფანტავ საშუალებებს და დარჩით საკუთარ თავთან მარტო, ჩაუღრმავდით თქვენს ქვეცნობიერს და ეცადეთ ცივი გონებით გაანალიზოთ საიდან იღებს სათავეს თქვენი პრობლემები. გაიარეთ მთელი ცხოვრება ქრონოლოგიურად და ეცადეთ მიხვდეთ რა ისწავლეთ აქედან, რომელი მოვლენიდან რა ისწავლეთ. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, საკუთარ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. სამყაროსთვის სულერთია თქვენი განცდები, ის მოცემული დავალების შესრულებას ითხოვს თქვენგან. ასე, რომ თავად უნდა გადაწყვიტოთ ბედნიერი ისწავლით მის გაკვეთილებს, თუ ცრემლების ღვარღვარით. მთავარია, ისწავლოთ. სწავლით კი ცივი გონებით ყველაზე უკეთ სწავლობს ადამიანი.

 

2.  თქვენ ვალდებულებებში ხართ გახლართული. უამრავ ენერგიას ხარჯავთ უსარგებლო კავშირებზე, რომლებიც სისხლს გწოვენ, უამრავ ენერგიას აბანდებთ ცხოვრების რომელიღაც სფეროში (შესაძლოა ეს ფულისკენ ან სტატუსისკენ სწრაფვაც იყოს), გაქვთ უამრავი ნეგატიური მიჯაჭვულობა და ხდება სრული გამოფიტვა, ფრუსტრაცია.  ასე შეიძლება ჯანმრთელობაც კი დაიზიანოთ.  თქვენ ამისგან გათავისუფლების ძალა გაქვთ, მაგრამ არ აკეთებთ, რამე კეთილშობილური მოტივებით კი არა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თავს ვალდებულად თვლით. თქვენ გეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო კისერზე გაწევთ, მაგრამ რეალურად თავად უწესებთ რაღაც შეზღუდვებს საკუთარ თავს, თავად იდებთ ხუნდებს. იმდენად ხართ შეპყრობილი რაღაც სურვილით, ეს სურვილი მართავს მთელს თქვენს ცხოვრებას. მარტივი მაგალითი გინდათ? თქვენ არ გაქვთ ფული, რომ იყიდოთ ახალი მანქანა, მაგრამ იმდენად ხართ შეპყრობილი ამ აზრით, აკეთებთ სესხს, მერე მთელს ხელფასს პროცენტებზე ხარჯავთ და ამ ვალდებულებაში გახლართული უამრავი პრობლემის წინაშე დგებით. არადა, შეგეძლოთ უფრო იაფიანი და ნაკლებად პრესტიჟული მანქანითაც გევლოთ და მერე ახლობლებისთვის დახმარება რომ გაქვთ გასაწევი, ყელზე დანის მიბჯენად არ აღიქვამდით ამ ფაქტს.

თქვენ ვერ ახერხებთ საკუთარი ენერგიის სწორად გადანაწილებას და ამიტომ ვერ აღწევთ იმას, რის მიღწევაც განგიზრახავთ. შიშების ტყვეობაში გახლართულს გეჩვენებათ რომ ამ ტვირთისგან გათავისუფლებას ვერასოდეს მოახერხებთ. თქვენ სასოწარკვეთილებაში ხართ, გრძნობთ უიმედობას , შიშს და ამ ყველაფრის დასავიწყებლად კიდევ უფრო მეტ ვალდებულებებსა და დამოკიდებულებებს უგონებთ საკუთარ თავს. გახსოვთ ლოთი პატარა უფლისწულიდან? – ვსვამ, იმიტომ რომ დავივიწყო! რა უნდა დაივიწყო? ის, რომ ვსვამ! საჭიროა გაიაზროთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია, გათავისუფლდით ნეგატიური მიჯაჭვულოებებისგან, ჩვევებისგან, ადამიანებისგან, კავშირებისგან, მოკლედ, უარყოფითი დამოკიდებულებებისგან. გათავისუფლდით შინაგანი ნაგვისგან: აკვიატებებისგან, დამოკიდებულებებისგან, უსარგებლო კავშირებისგან ნივთებთან იქნება ეს, იდეებთან თუ ადამიანებთან სულ ერთია. როცა უარყოფითი მიჯაჭვულობისგან გათავისუფლდებით, თავისთავად გაჩნდება თქვენს ცხოვრებაში ის ყველაფერი, რაც გსურთ.

 

3.  თქვენ საკუთარი ქმედებების შედეგების მომკის გეშინიათ. ჰარში დაძაბულობის მუხტი დგას, ისე, თითქოს ჭექა-ქუხილს აპირებდეს. გაქვთ შეგრძნება რომ ერთ დღეს შესაძლოა ყველაფერი თავზე დაგემხოთ. თქვენ გაქვთ შიში უკურეაქციისა, რადგან ფიქრობთ რომ უფრო მეტი ცუდი გააკეთეთ, ვიდრე კარგი, ან კიდევ მოხდა რაღაც ისეთი, რასაც თქვენი აზრით არ იმსახურებდით, მიიღეთ ტრავმა, ჩამოგიყალიბდათ ფობია და გაგიჩნდათ არასწორი რეაქციები. რეაქციები, რომელიც მთელს თქვენს ცხოვრებას წარმართავს. რისიც გვეშინია, უმეტეს შემთხვევაში ის გვემართება, რადგან ფიქრიც გარკვეული ქმედებაა და ყველა ქმედება იწვევს უკუქმედებას.

თქვენს ცხოვრებაში ამჟამად შეიძლება საშინელი ძვრები მიმდინარეობდეს, ან უკვე გაიარეთ ეს მტკივნეული პროცესი. პროცესი, როდესაც ყველას უჩნდება შეკითხვა : ღმერთო, რატომ? თუმცა თუ კარგად ჩავუღრმავდებით, თუკი მოვახერხებთ მსხვერპლის როლიდან გამოვიდეთ, ყველას გვექნება ამ შეკითხვაზე პასუხი.

შესაძლოა, თქვენ ძალიან ცდილობდეთ წინააღმდეგობა გაუწიოთ იმ მოვლენებს, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება და ამით კიდევ უფრო დიდ წინააღმდეგობას ქმნიდეთ. საჭიროა გაიაზროთ, რომ სამყარო უბრალოდ ბალანსის აღდგენას  ცდილობს. როდესაც კედელს ურტყამთ, უკუქმედება მყისიერია, ხელს გტკენთ მაშინვე. თუკი კრივის ტომარას მიარტყამთ მუშტს იგი ცოტა ხნით უკან დაიხევს და გარკვეული დროის შემდეგ დაგიბრუნდებათ. რაც უფრო მეტად და ძლიერად დაარტყამთ მას, მით უფრო ძლიერად დაგიბრუნდებათ უკან. იგი თქვენი ენერგიით საზრდოობს და თავად უნდა გადაწყვიტოთ, როდემდე გამოკვებავთ ამ ენერგიით. ეგებ დაფიქრდეთ, ხომ არ სჯობს წინააღმდეგობა შეწყვიტოთ და შეეგუოთ იმ აზრს რომ თუკი მოგხვდათ, ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ქმედების უკურეაქცია იყო? რა ენერგიაც გაეცით ის ენერგია უკან მობრუნდება და მერე ყველაფერი დალაგდება. ეს სამყაროს კანონია და თქვენ ამისთვის თვალის გასწორება მოგიწევთ. შეწყვიტეთ მუშტების ქნევა, ერთადერთი ჭკვიანური გამოსავალი იმაზე ფიქრია, რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალდეთ.

თუკი კოშკი გაიბზარა, ის აუცილებლად დაინგრევა და ამ პროცესის შეჩერებას თუ ეცდებით, ერთ დღეს შეიძლება ნანგრევებში მოყვეთ. ეს კოშკი შესაძლოა თქვენი ეგოც იყოს. თქვენ მოვლენების ახლებურად შეხედვა უნდა ისწავლოთ, მიიღოთ ცვლილებები და გაიაზროთ, რომ ბედნიერებისთვის ბრძოლა არ ღირს, რადგან ბრძოლა, თავისთავად გამორიცხავს ბედნიერებას. აუცილებელია გამოხვიდეთ მსხვერპლის როლიდან. თქვენ ყველაფერი, რაც ხდება უნდა აღიქვათ გაკვეთილად. ირგვლივ საავდრო ღრუბლებია, მოეშვით ნერვიულობას, გათავისუფლდით შიშისგან, დეპრესიისგან და მიიღეთ ბუნებრივად ფაქტი, რომ შეიძლება იწვიმოს. წვიმა პრობლემა არ არის, წვიმა უკურეაქციაა და ცისთვის მუშტების ქნევას, სჯობს მეხამრიდის პოზიციაში დადგეთ და საშუალება მისცეთ სამყაროს, ბალანსი აღიდგინოს. თუ არადა, ცხოვრება ყველანაირად შეეცდება გასწავლოს, რომ ,,თუკი ყველაფერს არ დაკარგავ, თავისუფალი ვერ გახდები“.

 

4. თქვენ თქვენივე მიზნების მსხვერპლი ხართ. იმდენად ხართ ორიენტირებული მიზანზე, გზა ყურადღების მიღმა გრჩებათ, გზა იქცევა ტანჯვად. მარტივად რომ ავხსნათ, თქვენ შეიძლება იმდენად იყოთ ორიენტირებული დიპლომის აღებაზე, სწავლისთვის კი არ სწავლობდეთ, შეიძლება სწავლობდეთ დიპლომის აღებისთვის და როცა დიპლომს აიღებთ, სწავლა შეწყვიტოთ. მერე ეს ციკლი გრძელდება, ჩნდება ახალი მიზნები – კარგი სამსახური, კარგი სახლი, დაოჯახება, პენსიაზე გასვლა და ა.შ. გამუდმებით ცდილობთ იპოვოთ აზრი ყველაფერში, თუ რამეს აკეთებთ, აკეთებთ რაღაც ,,ჯილდოს“ ხათრით და თავად ამ ჯილდოსკენ სწრაფვის პროცესში, ვერაფერს გრძნობთ. თქვენ გეზარებათ ამ გზაზე სიარული, რადგან თავისთავად გზა არაფერს ნიშნავს. მუდმივმა ძიებამ ინერტული გაგხადათ, გაგაზარმაცათ. თავს ძალას ატანთ, თუ იძულებული გახდით წინ იაროთ. ფეხები უკან გრჩებათ. აი, თქვენ იპოვეთ სამსახური, სადაც კმაყოფილი არ ხართ, მაგრამ მისი გამოცვლისთვის არაფერს აკეთებთ. თქვენ ხართ ურთიერთობაში, რომელიც არავითარ სიხარულს არ განიჭებთ, მაგრამ მორჩილად აგრძელებთ ამ ურთიერთობაში ყოფნას, რადგან ცვლილებაში ვერავითარ აზრს ვერ ხედავთ. მოკლედ, თქვენთვის სტაბილურობა ჭაობად იქცა და არაფრით არ გსურთ აქედან ამოსვლა.

ამ გზით ბედნიერებას ვერ მიაღწევთ, რადგან ბედნიერება მიზანი კი არა თავად გზაა. თქვენ თქვენი გზა ხართ, განძი თქვენშია, სანამ ამას არ გააცნობიერებთ, მუდმივი ნაღველით, სევდითა და დეპრესიით დაიტანჯებით. ის, რასაც თქვენ სიზარმაცეს ეძახით, რეალურად უაზრობის შეგრძნებით გამოწვეული ინერტულობაა. აი, დავუშვათ და გავაკეთე, მერე? ისევ იგივე. ყველაფერი უაზრობაა. ცხოვრება ამაოა. გეცნოთ აზროვნების სტილი? ბოლოს იმ მდგომარეობამდე შეიძლება მიხვიდეთ, რომ ყველაფერი დაგეზაროთ. თქვენ როგორმე უნდა მოახერხოთ ამ ინერტულობის გადალახვა. ეს საკმაოდ რთულია, უზარმაზარი ენერგიაა საჭირო და ერთბაშად არ ხდება, თუმცა თუ ერთხელ დაიძარით, მერე ვეღარაფერი შეგაჩერებთ. ეს ფიზიკურად ადვილი წარმოსადგენია, როცა ერთი ადგილის აწევა გეზარებათ, თავს ძალა უნდა დაატანოთ და ასწიოთ, თანაც ერთხელ კი არა ბევრჯერ, გამუდმებით, ყოველდღე. ივარჯიშეთ, იმეცადინეთ, რეგულარულად აკეთეთ ის, რის კეთებაც ძალიან გეზარებათ. ამ დროს შესაძლოა უამრავი დაბრკოლებაც შეგექმნათ, მაინცდამაინც მაშინ გამოგეჩხიროთ ხელის შემშლელი ფაქტორები. ყველა დაგიწყებთ ჭკუის დარიგებას, შემოგთავაზებენ თავიანთ გზას, დახმარებას, მოგცემენ რჩევებს და ყველაფერს იღონებენ, რომ თავიანთ ჭკუაზე გატარონ.  თუ მათ არ დაუჯერებთ, შესაძლოა გადაგემტერონ კიდეც, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უღალატოთ საკუთარ გზას. უსმინეთ მხოლოდ ინტუიციას, გულს, თუნდაც მთელი გარემოცვა ჭკუიდან შეიშალოს. ნუ შეგეშინდებათ მარტოობის, ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. ეცადეთ ისწავლოთ სამყაროს ნიშნების წაკითხვა, დაუჯერეთ მხოლოდ შინაგან ხმას, თუნდაც ეს ხმა ყოველგვარ რაციონალურობას, ლოგიკას და საღ აზრს მოკლებული იყოს  და რაც მთავარია, გაიაზრეთ, რომ  მთავარი გზაა და არა მიზანი. ისწავლეთ თქვენი გზით სიარულით ბედნიერების განცდა!

© Dare.ge

loading...