ახალი ინფორმაციისთვის გახსნილობა

0
1850

ყოველთვის იყავით ღია ახალი გამოცდილებისა და ცოდნის მისაღებად და როგორ კარგადაც არ უნდა გქონდეთ შესწავლილი რამე,  ნუ იქნებით დარწმუნებული, რომ ახალი არაფერია სასწავლი. ეს შესაძლოა ძალიან მარტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ აბა, კარგად დაუკვირდით.

თქვენ შესაძლოა ყოველდღე ერთი და იგივე გზით მიდიოდეთ სკოლაში, უნივერსიტეტსა თუ სამსახურში. იმდენად კარგად იცოდეთ ეს გზა,  ირგვლივ აღარც იყურებოდეთ, აღარ  აკვირდებოდეთ არაფერს.  თქვენ ხომ ყველაფერი შესწავლილი გაქვთ, არაფერი საინტერესო აქ არ არის.  თუმცა თუკი ერთ დღეს მეტ ყურადღებას მოიკრებთ, აღმოაჩენთ, რომ მზის სხივები მომხიბვლელად ცეკვავენ ფოთლებს შორის, ბალახს მშვენიერი სუნი ასდის, ცაში გადამფრენი ჩიტების გუნდი ულამაზეს პეიზაჟს ხატავს, ან უბრალოდ ღრუბლები სულ სხვანაირ განათებას ქმნიან. ეს ახალი აღმოჩენა ბედნიერების შეგრძნებას გჩუქნით, რომელიც თქვენს სხეულზეც პოვებს გამოძახილს. თქვენ იღიმით, თავისუფლად სუნთქავთ და თავს კარგად გრძნობთ. ფიქრობთ, ნეტავ,  რა ხდება ასეთი განსაკუთრებული და აღმოაჩენთ, რომ ადრე ნაკლებად დაკვირვებული იყავით. ახლა კი როცა სხვა თვალით შეხედეთ, თქვენი გონება და სული სამყაროს მთლიანად გაეხსნა.

ამ სავარჯიშოს მიზანიც გონების და სულის სიახლეებისთვის გახსნის სტიმულაციაა. რაც უფრო მეტი იცით, მით უფრო რთულია ძველი შთაბეჭდილებებისგან გათავისუფლება. ამ საკითხზე უკვე ბევრი იფიქრეთ, იმსჯელეთ, შეხედულებაც ჩამოიყალიბეთ და მორჩა, არაფრის მოსმენა აღარ გინდათ, ვერაფრით გაგაოცებთ. თქვენი შეხედულებები უკვე თქვენი რეაქციების განმსაზღვრელად იქცა. სავარჯიშოს არსი უკვე კარგად შესწავლილი საგნების სხვა თვალით შეხედვაში მდგომარეობს. მოსმენა ისწავლეთ, ახალი მოლოდინებით განიმსჭვალეთ. ისეთ რამეებს აღმოაჩენთ, დღემდე რომ არ შეგინიშნავთ. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ცოდნა მთლიანად უნდა უარყოთ, პირიქით ეს ცოდნა უნდა გააფართოვოთ,  მასზე უნდა დააშენოთ ახალი. ეცადეთ უკვე კარგად გადაღეჭილ თემებს ბავშვური ცნობისმოყვარეობითა და ინტერესით შეხედოთ. უამრავი შეკითხვა გაგიჩნდებათ. თქვენი დასკვნები გვერდზე გადადეთ და აცადეთ საგნებს, ადამიანებს და მოვლენებს თავიანთ თავზე თავადვე იმეტყველონ.  უარი თქვით ფრაზებზე – ასეთი რამ არასოდეს გამიგია, ასეთი არაფერი მინახავს ჩემს ცხოვრებაში. ღია დატოვეთ ცნობიერება ნებისმიერი ახალი ცოდნის მისაღებად, თუნდაც სრულიად ეწინააღმდეგებოდეს ეს ცოდნა დღემდე მიღებულ მთელ თქვენს ცოდნას და გამოცდილებას.