დიდი შანსია იმის, რომ თქვენ ცხოვრებამ ძალიან ადრეული ასაკიდანვე დაგაკისრათ უამრავი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დიდობისთვის მზად არ იყავით.
შესაძლოა მშობლები გყავდათ მკაცრი, განსაკუთრებით – მამა. შესაძლოა მას იმდენი საქმე ჰქონდა, თქვენთვის არ ეცალა, ან თქვენთან არ ცხოვრობდა, განქორწინებული იყო, ციხეში იყო… მოკლედ, რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო, ფაქტი ერთია, იგი არ იყო ან საკმარისად არ იყო – გაკლდათ, ან იმდენად ბევრს ითხოვდა თქვენგან საშინელი კომპლექსები ჩამოგიყალიბდათ. ქვეცნობიერ დონეზე საშინლად გეშინიათ, რომ ვერ შედგებით როგორც პიროვნება, რომ რაღაც სისულელეს ჩაიდენთ, რომ შერცხვებით… ეს შიშები ცხოვრების პირველ ეტაპზე განსაკუთრებით აქტიურია. გიჭირთ თავის ადეკვატურად გამოხატვა და საერთოდ გამოხატვა. თავს ხშირად უბედურად, უიღბლოდ გრძნობთ. გინდათ რომ ყველაფერს აკონტროლებდეთ და საშინელი ფრუსტრაციის შეგრძნება გეუფლებათ, როცა ამას ვერ ახერხებთ.
სულ რაღაცის დამტკიცებას ცდილობთ საკუთარი თავისთვის სხვებისთვის. გინდათ ავტორიტეტი გქონდეთ, მნიშვნელოვანი ფიგურა იყოთ და თან წარმატების გეშინიათ, ვერ ხვდებით რომ საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერი თავად ხართ. რამდენსაც არ უნდა მიაღწიოთ, ვერ კმაყოფილდებით. კვარცხლბეგზე ასული იმაზე იდარდებთ, რომ ასვლისას ცოტა წაიბორძიკეთ და ყველაფერს ჩაიშხამებთ. პატარა წარუმატებლობა საშინელ დეპრესიაში გაგდებთ. ცხოვრებას ვერ ირგებთ. წინსვლას ვერ ირგებთ. წარმატებას ვერ ირგებთ. ვერაფერს ირგებთ.
აუცილებლად უნდა გათავისუფლდეთ ამ შიშებისგან და გაიაზროთ, რომ გამადიდებელი შუშით არავინ დაგდევთ, არავინ გაკვირდებათ ასე, თქვენსავით. არ არის სავალდებულო ყოველთვის მართალი იყოთ. შეეგუეთ იმ აზრს, რომ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს და აპატიეთ ხოლმე საკუთარ თავს. ყოველთვის სრულყოფილად ვერ წარსდგებით პუბლიკის წინაშე და იმის შიშით, რომ შეიძლება რაღაც ისე არ იყოს, სცენაზე გასვლაზე უარი არ უნდა თქვათ. გამორთეთ შინაგანი თვითცენზურა. ცოტა ხნით მაინც მოაშორეთ ,,დიდების“ რკინის თითები თქვენში არსებულ პატარა უფლისწულს და მიეცით შინაგან ბავშვს თვითგამოხატვის უფლება, სილაღის უფლება, სიხარულის უფლება… ბავშვობის უფლება. ,,არასდროს არის გვიან ბედნიერი ბავშვობა“.
ნუ ეძებთ ბედნიერებას გარეთ, სულიერი სიმშვიდის მოპოვება მხოლოდ შიგნიდან არის შესაძლებელი.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია