იგი ჰუმანური იდეალების მქონე ორიგინალური, არაპროგნოზირებადი, ექსცენტრული რევოლუციონერია, რომელსაც იზიდავს ყველაფერი არასტანდარტული და განსხვავებული. მისი თვითგამოხატვის მანერა იმდენად უჩვეულოა, რომ გარშემომყოფები ხშირად გაოცებულნი რჩებიან. გამოირჩევა ძლიერი ინტელექტით, სხარტი, გამომგონებელი გონებით, შორსმჭვრეტელობით, განსაკუთრებული წარმოსახვითა და ინტუიციით. იგი იდეების გენერატორია და ეს იდეები, როგორც წესი, პროგრესულია. საერთოდ მიესალმება ნოვაციებს ყველგან და ყველაფერში, აპროტესტებს და ეწინააღმდეგება მიღებულ წესებსა და სტანდარტებს, მისთვის სასიცოცხლოთ აუცილებელია ცვლილება და სიახლეები. უყვარს მრავალფეროვნება და ეჯავრება რუტინა. ილტვის თავისუფლებისაკენ, უარყოფს ყოველგვარ ლიმიტებსა და შეზღუდვებს. ყველაფერზე თავისი აზრი აქვს, რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ შეაცვლევინებს, თუ თავად არ გადაწყვიტა. მისი ცხოვრება სავსეა მოულოდნელი ცვლილებებით. ინტერესდება მეცნიერებით. თავისუფლება საკუთარი ინდივიდუალიზმის სრულყოფისათვის სჭირდება, სიახლეები კი წინსვლის, განვითარებისა და მრავალფეროვნებისათვის. ეჯავრება საზოგადოდ მიღებული შეხედულებები, იბრძვის მათ წინააღმდეგ, მიაჩნია რა, რომ ყოველი ადამიანი დამოუკიდებელი ინდივიდია, მკვეთრად გამოხატული თავისებურებებით. არასოდეს ეთანხმება იმას, რაც ყველასთვის მისაღებია. მძაფრი ინტუიციით მომავლის წარმოუდგენელი ტენდენციების განჭვრეტაც კი შეუძლია.
იგი არაა სტაბილური და თანმიმდევრული. იმპულსური, ემოციური, ცვალებადი და უსისტემოა. მისი აზროვნების ყველაზე განსაკუთრებულ გამოვლინებასაც კი სტიქიური ხასიათი აქვს. ხშირად გარეგნობაში ეს პოზიცია რაიმე განსხვავებულ მახასიათებელს იძლევა.
უარყოფით გამოვლინებებში (როცა პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – არასტანდარტულობა სიგიჟის ზღვარზე, სიჯიუტე, აკვიატებული იდეები, უჭირს ყურადღების კონცენტრაცია, არასასიამოვნო სიურპრიზებით სავსე ცხოვრება, აგრესიულობა, ახასიათებს გადაჭარბებული იმპულსურობა და მარტივად ღიზიანდება.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია