ამ ადამიანს საოცარი დრაივი აქვს სტატუსისა და პროფესიული წარმატების, განსაკუთრებით ეს სურვილი აქტიურდება 29 წლის ასაკში. მას სჭირდება ავტორიტეტი და ძალაუფლება. თავდაჯერებულია და ნდობას მხოლოდ საკუთარ თავს უცხადებს. მიზნისაკენ მიმავალ გზაზე ფრთხილად და თანმიმდევრულად მოძრაობს, ამიტომ პროცესი დროში იწელება. არ აკლია თვითკრიტიკულობა, ამტანობა, მოთმინება და პასუხისმგებლობის გრძნობა. აღნიშნული პოზიცია ასაჩუქრებს შორსმჭვრეტელობითა და მმართველობითი უნარებით. მისი ლიდერობისაკენ ლტოლვა მაქსიმალურად ხელშესახები ფორმებით ვლინდება როგორც სამსახურში, ისე სახლში. ცხოვრებისადმი საკმაოდ კონსერვატული დამოკიდებულება აქვს, რაც მრავალჯერ ხდება შინაგანი კონფლიქტების მიზეზი და ბევრი მორალური დილემის წინაშე დააყენებს. უზარმაზარი პასუხისმგებლობის აღება შეუძლია საკუთარ ბეჭებზე. აქვს წარუმატებლობისა და სოციალური მდგომარეობის დაკარგვის პანიკური შიში. იგი ქვეცნობიერად უნდობლობას უცხადებს მთელს სამყაროს. სამყაროც, თავის მხრივ, ცხოვრებისეულ გაკვეთილებს არ აკლებს – უამრავი იმედგაცრუება შეხვდება, მაგრამ იმდენად შეუპოვარი და ჯიუტია, რთულია რაიმემ დასახულ მიზანზე უარი ათქმევინოს. სინამდვილეში ამგვარი მიდგომა მისთვის გაცილებით მომგებიანია, ვიდრე სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა. სტაბილური, ჯიუტი წინსვლა მისი მდგომარეობის გასაღებია.
უარყოფითი გამოვლინება (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – ზეამბიციურობა, სტატუსის დაკარგვა, კარიერული კრახი, რეპუტაციის გაფუჭება, უქნარობა.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია