მარსი ჩვენი მოქმედების სტილზე აგებს პასუხს. როგორ ვიბრძვით იმისთვის, რაც გვსურს. იგი ჩვენი აგრესიული ინსტინქტებია, სექსუალობა და დრაივი.
თქვენ დიდი ამბიციები გაქვთ – გსურთ შეუძლებელი შესძლოთ – ნაკლებს არ სჯერდებით. როცა რამის კეთებას გადაწყვეტთ, მთელ ენერგიას აქეთკენ მიმართავთ. ენერგია კი გაქვთ ულევი.
ერთი შეხედვით ძალიან წყნარი შეიძლება ჩანდეთ, მაგრამ დამდგარ წყალში მეტი რამე ფუთფუთებსო, ხომ გაგიგიათ? თქვენ საშიში ოპონენტი ბრძანდებით. გარეგნულად სიცივეს და გულგრილობას ინარჩუნებთ. შიგნით იშვიათად უშვებთ ვინმეს. ენდობით ინსტინქტებს და ადამიანების თქვენს სასარგებლოდ გამოყენების დიდი პოტენციალი გაქვთ.
არ ერიდებით მანიპულატორობას, შანტაჟს. როცა რაღაცას ხელს მოჰკიდებთ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძვით. მიზანი ამართლებს საშუალებას – თქვენი დევიზია. როდესაც ბრაზობთ დესტრუქციული ხდებით. ემოციები გმართავენ, მაგრამ ძალიან თანმიმდევრული ხართ. არ ჩქარობთ და საჭირო მომენტს ელოდებით.
ცხოვრებას შავ-თეთრ ფერებში აღიქვამთ – ყველაფერი ან ცუდია, ან კარგი. უფრო მეტად კი ცუდი. კომპრომისზე წასვლა თქვენთვის დამარცხებას ნიშნავს. ,,ან მე ან ის“, ,,უბრალოდ აირჩიე“ , ,,ან ყველაფერი, ან არაფერი“, ,,ჩემთვის მკვდარი ხარ“, ,,გულიდან ამოგიღებ“ … გეცნობათ ფრაზები? უკიდურესად რადიკალი ადამიანი ხართ.
გამუდმებით უწყობთ გამოცდებს როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს. საშინლად ეჭვიანი, შეიძლება ითქვას პარანოიკიც ხართ. ყველაფერს პირად შეურაცხყოფად იღებთ და შელახული თავმოყვარეობაც შურისძიებისკენ ხშირად გიბიძგებთ. საკუთარ მოვალეობად რატომღაც ყველასთვის ჭკუის სწავლება განგიზრახავთ, ოღონდ ლაპარაკით კი არა… საქმით!
ადგენთ რაღაც წესებს, ისახავთ მიზნებს და ამ მიზნების მიღწევით პიროვნულ კმაყოფილებას განიცდით.
ხართ შესანიშნავი სტრატეგი. ყველა ნაბიჯი გათვლილი გაქვთ და ნებისმიერი სიტუაციიდან პოულობთ გამოსავალს. გაქვთ არამარტო გეგმა ბ, არამედ გეგმა ჭ-ც და ყველა შესაძლო ალტერნატივაზე გიფიქრიათ. ამიტომ ყველაზე რთული საქმეებისთვის გამკლავებაც კი შეგიძლიათ, თუნდაც ფიქრობდეთ რომ ამისთვის მზად არ ხართ.
თვითგადარჩენის ინსტინქტი მძლავრია, საკუთარი ცხოველური ბუნებისთვის თვალის გასწორება არ გიჭირთ. არ გიჭირთ არც ცვლილებებთან შეგუება. სასიცოცხლო ძალების უზარმაზარ მარაგს ფლობთ. თქვენი სიმბოლო ფენიქსია – კვდებით და ხელახლა იბადებით ახალი ძალებით და ენერგიით. თქვენი დამარცხება ფაქტობრივად შეუძლებელია.
ახლაგაზრდობაში პროვოკატორის როლში ხშირად გვევლინებით, თუმცა ასაკთან ერთად საკუთარი თავის კონტროლს სწავლობთ. ღვინდებით.
გაქვთ შესანიშნავი ინტუიცია, განვითარებული ექსტრასენსორიკა. შეგიძლიათ ადამიანების გაშიფრვა და ამიტომ ზუსტად იცით რა იქნება მოწინააღმდეგის შემდეგი ნაბიჯი. საიდუმლოების ამოხსნის საოცარი უნარი ბრწყინვალე გამომძიებლად გაქცევთ.
ასეთი მარსის მქონე მამაკაცები, საოცრად ვნებიანები არიან და დიდი სექსუალური ენერგია აქვთ. მათთან ურთიერთობა ადვილი არ არის, თუმცა კრიზისულ სიტუაციებში მის გვერდით დგომა ნამდვილად ბედის საჩუქარია. საოცრად ჯიუტები არიან, თუმცა პიროვნულად შეცვლა და ტრანსფორმაცია შეუძლიათ. ის ან უყვართ ან სძულთ. ძალიან მძაფრ რეაქციებს იწვევენ.
ამ მაჩვენებლის ქალებს მათთვის სიყვარულის მტკიცების მუდმივი მოთხოვნილება აქვთ. ძალიან მამაცები და იმდენად თავისუფლები არიან, ტოლს არ უდებენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს. მოსწონთ ძლიერი მამაკაცები, თუმცა იმიტომ რომ თავადაც დომინანტობის მოთხოვნილება აქვთ ხშირად კონფლიქტებამდე მიდიან. ბევრ მამაკაცს მათი ძლიერი ენერგეტიკა აფრთხობს. გვერდით ისეთი ადამიანი სჭირდებათ, ვისთანაც უჩვეულო სულიერ სიახლოვეს იგრძნობენ. მათი პარტნიორი მუდამ უნდა ახდენდეს სიყვარულის დემონსტრირებას, თუნდაც მესაკუთრეობით, ან ეჭვიანობით. იკვებებიან მძაფრი შეგრძნებებით. იდეალური პარტნიორი მუდამ ემოციების პიკზე ამყოფებს მათ.
სექსში ამ ნიშნის მარსის მქონე ორივე სქესის წარმომადგენლებს ბადალი არ ჰყავთ. ძალიან ადრე მწიფდებიან. ადრე იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას. ყველაფერს აკონტროლებენ სქესობრივი ინსტინქტის გარდა. თუკი ჩახშობას ცდილობენ, უფრო მეტად უღვივდებათ ინტერესი. მათთვის სექსი უბრალოდ სექსი არ არის – რაღაც უფრო ტრანსცედენტულია – ადამიანის სიღრმეში შესვლის მასთან მძაფრი ემოციების გაცვლის ფორმა. საწოლში წესები არ აქვთ, არ ცნობენ არანაირ ტაბუს.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია